Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და საუდის არაბეთი განიხილავენ სირიაში სახმელეთო შენაერთების გაგზავნის საკითხს


საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ადელ ალ-ჯუბეირის განცხადებით, განიხილება სირიაში საუდის არაბეთის სპეცდანიშნულების შენაერთების გაგზავნის საკითხი. როგორც მინისტრმა 8 თებერვალს განაცხადა, შესაძლოა სირიაში გაიგზავნოს სახმელეთო ძალების კონტინგენტი, ან სპეცდანიშნულების შენაერთები ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ძალისხმევის ჩარჩოებში. და საუდის არაბეთმა გამოთქვა მზადყოფნა, სპეცდანიშნულების ძალები გააგზავნოს ასეთი ოპერაციისათვის, თუ ის ჩატარდება. ამ შინაარსის გნცხადება ალ-ჯუბეირმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ის ვაშინგტონში შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის. მოლაპარაკების დროს იმსჯელეს სირიისა და იემენის კონფლიქტებზე. ოთხი თვის წინ სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაციების დაწყების შემდეგ, სამხედრო უპირატესობა ახლა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარესაა. სირიის არმია ამჟამად მასშტაბურ შემტევ ოპერაციას ახორციელებს და წინ მიიწევს თურქეთის საზღვრისაკენ, რუსეთისა და ირანის სამხედრო დახმარებით.

XS
SM
MD
LG