Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტროფიზიკოსებმა პირველად დააფიქსირეს გრავიტაციული ტალღები


აშშ-ში მეცნიერები აცხადებენ, რომ დააფიქსირეს ორი შავი ხვრელის შეჯახებით გამოწვეული გრავიტაციული ტალღები, რომელთა არსებობაც ჯერ კიდევ საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა ალბერტ აინშტაინმა. გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა დიდ გარღვევად არის მიჩნეული. მას უკავშირდება კოსმოსის შესწავლის სრულიად ახალ გზაზე დადგომისა და გრავიტაციის უკეთ გაგების პერსპექტივა. „აქამდე ცისაკენ თვალები გვქონდა მიპყრობილი, ხოლო მუსიკა არ გვესმოდაო“ - ეს სიტყვები წარმოთქვა კოლამბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ასტროფიზიკოსმა საბოლც მარკამ, რომელმაც კოლეგებთან ერთად შეძლო გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება. ასტროფიზიკოსების ჯგუფმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს, 1,1 მილიარდ დოლარად ღირებული ინსტრუმენტები გამოიყენა გრავიტაციული ტალღის აღმოსაჩენად. ორი შავი ხვრელი, რომელთა შეჯახებამაც ეს ტალღა გამოიწვია, დედამიწიდან 1,3 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული. გრავიტაციული ტალღების არსებობა 1916 წელს იწინასწარმეტყველა ფარდობითობის თეორიის ავტორმა,ალბერტ აინშტაინმა.

XS
SM
MD
LG