Accessibility links

ბათუმის პორტში შევიდა ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი


ბათუმის პორტში შევიდა ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი, რომელიც ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის 4 გემითაა დაკომპლექტებული. ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროები ბათუმში 15 თებერვლამდე დარჩებიან. "მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ვწვეოდით ბათუმს, სადაც ვაპირებთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებას და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან " - განუცხადა ჟურნალისტებს თურქული სამხედრო გემის კაპიტანმა რამაზან კეზგინმა. ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. მისი განცხადებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ალიანსის გემების შემოსვლა მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და ადასტურებს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება. 13 თებერვალს ბათუმს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრადმირალი ჯორჯო ლაციო, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს შეხვდება. ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ახორციელებს „აქტიური ძალისხმევის ოპერაციის" მხარდაჭერას და ხელს უწყობს საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებას.

XS
SM
MD
LG