Accessibility links

logo-print

თბილისში მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა


თბილისში მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა. მას ესწრებიან საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი. საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია. პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის განვითარების და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთი ოპერირებას 2017 წლიდან დაიწყებს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, თურქული მხარისგან მიიღეს დაპირება, რომ თავის ტერიტორიაზე სამუშაოებს 2016 წლის ბოლომდე დაასრულებს. „შევთანხმდით სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმებაზეც, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის დერეფანს, სადაც უნდა იმოძრაოს ტვირთმა როგორც აზიიდან, ისე ევროპიდან" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. თავის მხრივ, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა, რომელზეც საინტერესო ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს, აპრილში გაიმართება. რაც შეეხება კონკრეტულად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ეს არის საოცნებო და ყველასთვის მნიშვნელოვანი პროექტი. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დავასრულოთ და იმედი მაქვს წლის ბოლოს კავკასიაზე გაივლის მატარებელი, რომელიც გააცოცხლებს ისტორიულ აბრეშუმის გზას" - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა.

XS
SM
MD
LG