Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების გზამკვლევი ინტერნეტში


„ინტერნეტი და ჟურნალისტიკა“ - ასე ეწოდება ელექტრონულ წიგნს, რომელიც ჟურნალისტმა ნესტან ცეცხლაძემ და ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტმა კონსტანტინ სტალინსკიმ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით დაწერეს. ამ ელექტრონულ გზამკვლევში თავმოყრილია ტექნოლოგიები, ინტერნეტრესურსები თუ აპლიკაციები, რომლებიც, ავტორების აზრით, თანამედროვე ჟურნალისტისთვის - განსაკუთრებით კი, სტუდენტებისთვის -აუცილებელია.

„ყველაფერი, რასაც აქ წაიკითხავთ, შეიძლება მალე უსარგებლო გახდეს, თუმცა ამჟამად არსებული სერვისების ცოდნა შეიძლება ჯერ კიდევ არარსებული მომავალი პლატფორმების გამოყენებაში დაგვეხმაროს. ის, რაც არ შეიძლება შეიცვალოს, ჟურნალისტიკის იდეაა“.

ასე იწყება 341-გვერდიანი წიგნი, რომელშიც თავმოყრილია, ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც თანამედროვე ჟურნალისტს სრულფასოვნად მუშაობაში სჭირდება. ეს გზამკვლევი სტუდენტებისა და ლექტორებისთვის დავწერეთო, ამბობენ ავტორები, თუმცა გამოცდილ ჟურნალისტებსაც ურჩევენ, მას თვალი გადაავლონ.

„ხშირად ჟურნალისტები არ იტოვებენ უფლებას, რომ გამოაქვეყნონ თავიანთი მომზადებული მასალა, გამოაქვეყნონ სადმე სოციალურ ქსელში. ისინი მიიჩნევენ, რომ, უბრალოდ, უნდა მოამზადონ ინფორმაცია - ეს იქნება რადიო თუ ვიდეოსიუჟეტი ან რამდენიმე ფოტო და დანარჩენი უკვე რედაქტორის ვალდებულებაა“, ამბობს ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინ სტალინსკი, რომელიც ამ წიგნის თანაავტორია.

მეორე ავტორი ჟურნალისტი და ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ რედაქტორი ნესტან ცეცხლაძეა. შეგვეძლო ამ გზამკვლევის სათაურად შეგვერჩია „როგორ გავხდეთ საუკეთესო ონლაინჟურნალისტი“, „როგორ შევქმნათ კარგი ახალი ამბების ვებგვერდი“ ან რაიმე მსგავსი სათაური დაგვერქმია, გუგლშიც უკეთესად მოიძებნებოდაო, წერენ ავტორები შესავალში, თუმცა ჩვენ არ ვიცით, ამ ყველაფრის ზუსტი რეცეპტი და გვეეჭვება, საერთოდ ვინმემ იცოდესო. სამაგიეროდ, ისინი მკითხველს სთავაზობენ სამ ძირითად საკითხს, რომლის ცოდნაც ჟურნალისტს დაეხმარება, დაიწყოს ფიქრი როგორც ონლაინრეპორტიორმა:

კონტენტის მენეჯმენტის სისტემა, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, შინაარსის მართვის უნარი;

ინტერნეტპლატფორმების გამოყენების უნარი;

და სტატისტიკა - ინტერნეტმომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება.

„ეს ყველაფერი შეიძლება ისწავლო და ძალიან ადვილია, თუ ადამიანი მოინდომებს. ზოგჯერ ჩვენ პირადადაც ვერ ვიყენებთ უამრავ ტექნოლოგიას და აქ ძალიან ბევრი ფაქტორი მუშაობს - დროის, ადამიანური რესურსების და ა.შ., მაგრამ მთავარია, რომ რაღაც ძირითადი რესურსების შესახებ ვიცოდეთ და საჭირო დროს გაგვახსენდეს, რომ ეს საჭიროა და შეიძლება გამოვიყენოთ“, - ამბობს ნესტან ნიჟარაძე.

ავტორები მიიჩნევენ, რომ დღეს, როდესაც ტექნოლოგია ასე სწრაფად იცვლება და განუწყვეტლივ ვაწყდებით ამა თუ იმ სიახლეს, ძნელია, ამ ტემპს დაეწიო, თუმცა აუცილებელია.

„შეიძლება არც გაზეთს ვკითხულობთ და არც ტელევიზიას ვუყურებთ, მაგრამ ისევე, როგორც ელექტროენერგიის, ტანსაცმლის ან საკვების გარეშე არ შეგვიძლია არსებობა, ასევე მუდამ გვაინტერესებს, რა ხდება ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რა ხდება სამყაროში“, - წერენ ისინი.

ამ წიგნში შესულ ზოგიერთ საკითზე პასუხი არც ჩვენ გვაქვს, ამიტომაც ჩვენ თვითონაც ვსვამთ შეკითხვასო, ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

პირველი შეკითხვა კი, რასაც წიგნში შეხვდებით, არის: „როგორ შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიებმა მედია?“ ავტორების აზრით, შეიცვალა სამი რამ:

მედიაგარემო გახდა უფრო დემოკრატიული;

პროფესიონალმა ჟურნალისტებმა და მედიასაშუალებებმა დაკარგეს მონოპოლია ახალ ამბებზე;

ტრადიციული ბიზნესმოდელები აღარ არის ეფექტური.

ერთი რამ, რაც უცვლელია, ჟურნალისტიკის პრინციპებიაო, - ამბობს კონსტანტინ სტალინსკი:

„თანამედროვე ჟურნალისტმა, პრინციპში, იგივე უნდა იცოდეს, რაც ადრე უნდა სცოდნოდა, მიუხედავად იმისა, არასებობდა თუ არა ინტერნეტი. ანუ ჟურნალისტიკაში მთავარი თვითონ ჟუნალისტიკის იდეაა. მართალია, არსებობს კიდევ აუცილებლობა, რომელიც ადრე თუ გვიან,ერთ ან ორ წელიწადში, შეიძლება უფრო აქტუალური გახდეს. ესაა უფრო სიღრმისეული ცოდნა, იმიტომ რომ თვითონ პროგრესი გარდაუვალია - ახალი სერვისები, ახალი აპლიკაციები იქმნება“.

კონსტანტინ სტალინსკი ლაპარაკობს ორ მთავარ რამეზე, რაც ამ წიგნში შევიდა და, მისი აზრით, თანამედროვე ჟურნალისტმა უნდა იცოდეს - ესაა ერთ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის სხვა ვებგვერდებზე ჩაშენება და, მეორე, ყველამ უნდა წეროს ქართული უნიკოდით. ჟურნალისტმა უნდა შეძლოს, თავისი მასალა კარგად და სწორად გაავრცელოსო:

„ჟურნალისტი აღარ არის, უბრალოდ, ჟურნალისტი. ის თავისი კონტენტის პრომოუტერიც უნდა გახდეს“.

თუმცა ეს წიგნი არ განიხილავს მხოლოდ ტექნოლოგიებს. გზამკვლევში განხილულია ისიც, თუ როგორ შეცვალა თხრობის ფორმა ინტერნეტმა, როგორი უნდა იყოს ვებგვერდებისთვის განკუთვნილი ტექსტები თუ ვიზუალური მასალა და ა. შ.

„ადამიანი ვერ გახდება კარგი რეპორტიორი, თუ ეს ტექნიკური უნარები არ აქვს, იმიტომ რომ ამ ყველაფრის შემდეგ რეპორტიორი იწყებს სხვანაირად აზროვნებას, სხვანაირად ფიქრს და სხვანაირად დაგეგმვას. ბევრი სხვადასხვა ნიუანსის გათვალისწინებაზე იწყებს ფიქრს - მაგალითად, რამხელა უნდა იყოს სათაური, თუ ძალიან დიდი სტატიაა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის, რომ ინტერნეტმომხმარებელმა წაიკითხოს...“, ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

„ნეტგაზეთის“ რედაქტორი ლაპარაკობს პროექტის განვითარების იდეაზეც: ვინაიდან ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება, შესაძლებელია, ეს გზამკვლევიც დროდადრო განახლდეს, თუმცა ამაზე ჯერ არ გვიფიქრიაო. თუმცა ავტორები აპირებენ შექმნან ვებგვერდი, რომელზეც ყველას შეეძლება გამოაქვეყნოს ინფორმაცია თავისი გამოცდილების შესახებდა ეს პლატფორმა გახდეს სასარგებლო რესურსი როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG