Accessibility links

logo-print

მგზავრის ფიქრები 2


ავტორი: აშშ-ში ქართველი

ერთხელ, ბავშვობაში სადარბაზოში მეზობელი ვნახე ფეხზე მდგარს ეძინა, მიკვირდა ეს როგორ მოახერხა, მახსოვს შემდეგ რამოდენიმეჯერ მეც ვცადე ასე დაძინება, მაგრამ უშედეგოდ, მანამ სანამ... ყოველ წელს, ყოველ ზაფხულს შევყურებდი უზარმაზარ, ზეცისკენ აწვდილ, მარადთოვლიან მთას, რომელიც რიხით გადმოჰყურებდა მთელ დაბას და უხეშად გაგრძნობინებდა ბუნების სიძლიერეს. ვიზრდებოდი და ვოცნებობდი მის დაპყრობაზე, წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ ავდიოდი, როგორ მივცოცავდი მის ციცაბო ფერდობებზე... ერხელაც, მე და ჩემმა ძმამ გადმოვიკიდეთ აკაესი და სრულიად გამოუცდელი ყრმები, დათვზე ნადირობის მიზნით ამ მთისკენ გავეშურეთ. აგვისტოს მიწურული იყო. საღამოს საგზალი გავამზადეთ... დილით, უკუნით სიბნელეში, რომელიც განთიადის წინ სჩვევია ცას, გავუყევით უკაცრიელი ტყის ვიწრო ბილიკს. სიჩუმეს კალიების ჭრიჭინი და უზარმაზარი მდინარის ხმაური არღვევდა. მივდიოდით მაღლა და მაღლა. ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან გვესმოდა შრიალის ხმა, ფანარს ვანათებდით, მაგრამ არ ვჩერდებოდით, გზას ვაგრძელებდით, ძალას კი ტყის სურნელი და სუფთა ჰაერი გვაძლევდა, რომელსაც ღრმად შევისუნთქავდით. გათენდა. დღის პირველ საათზე მთის ძირს მივადექით, იქ პატარა ჩანჩქერი ჩამოდიოდა, რომელსაც გზა ნაზვავში კილომეტრობით გაუკვალია. ულამაზესი და უგრძესი ყინულის გამოქვაბული გაუჩენია, რომლიდანაც მონაქროლი ნიავი, ოფლიან სახეზე სიამოვნებას გგვრიდა. ნაზვავი საკმაოდ მყარი იყო, ამიტომ ამ გზით გადავწყვიტეთ ასვლა. რამოდენიმე კილომეტრი სიარულის შემდეგ, ყინულში მთელი სხეულით ჩაფლული მკვდარი მელია ვიპოვეთ, რომელსაც მხოლოდ ცხვირ-პირი უჩანდა. ალბათ, ზამთარში დამშეულმა არასწორი გზა აირჩია და ზვავმა ჩაიყოლია, ახლა ნამქერი დნებოდა და ლამაზი შესახედავი იყო, მისი უმოძრაო სხეული ყინულში. მზის მცხუნვარებამ და სხივების ყინულზე არეკვლამ თვალთ დაგვიბნელა, ამიტომ მიმართულება ვიცვალეთ. პირდაპირ ფერდობზე, ნაძვების ხელუხლებელ, პირველყოფილურ ტყეს ავუყევით. აქ აშკარად იგრძნობოდა ადამიანის სისუსტე, უსუსურობა. ბუნება თავისი წესით ცოცხლობდა და კვდებოდა, ორფეხა არსების ხელი არსად ერია. მზე დასავლეთისკენ გადაიხარა, უკვე საჭმელიც ამოგველია. იმის იმედით, რომ მწვერვალამდე, ცოტა გვაკლდა, ასე ჩანდა ქვევიდან, სიარულს ვაგრძელებდით, თან ვფრთხილობდით, დათვების სამფლობელოში ვიყავით. უკვე მწვანე ფლორა თოვლიანმა ფერდობმა ჩაანაცვლა, აქაიქ იყო ნაძვები, ნახევრად ხმელი და მოცვის ბუჩქები. ჩვენ კი ვდუმდით და არ ვფიქრობდით არაფერზე გარდა ერთი მიზნისა... უცებ, მაჩერებს ჩემი ძმა და ხელით მანიშნებს აღმართისკენ, სადაც ვხედავ გარეულ ქათამს, თან მეუბნება: - ვესროლო! იმ აზრით რომ თუ ამას ვესვრით ყველა ნადირი გაიქცევა, მაგრამ ისეთი მოშიებული ვარ, ვპასუხობ: - ესროლე! დაუმიზნა და .. კლდეებმა ნიმფა Ēchō არ დააყოვნა. ფრინველი ფრთაში დაიჭრა და დაღმართისკენ ჩასრიალდა. დავყურებდი საშინლად მოშიებული და სასოწარკვეთილი... დაღლილს ფეხი გამისრიალდა და მეც მაგ მიმართულებით ჩავგორდი, ძალიან სწრაფად ჩავეშვი, ფრინველს გავასწარი, რომ არა მოცვის ბუჩქი ციცაბო კლდეზე გადავიჩეხებოდი. ტოტებს მაგრად ჩავკიდე ხელი და ჩამოსრიალებული ფრინველიც დავიჭირე. ძმის დახმარებით ძლივს ამოვძვერი. უკანასკნელი ნაძვის ქვეშ, რომელსაც უკანასკნელად მოშორდა ჩამავალი მზის სხივი, ცეცხლის დანთება გადავწყვიტეთ, ის დღე მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგან გამხმარი ყიფილა და წამიერად აეკიდა ცეცხლი. სიბნელეში, ბუჩქისძირას დავანთეთ ცეცხლი და იქ შევწვით ქათამი... ვახ, რა გემო ჰქონდა?! ცხოვრებაში არაფერი მიჭამია მაგაზე გემრიელი! ზურგჩანთიდან თბილი ტანსაცმელი ამოვიღეთ, ჩავიცვით. ფერდობზე, თითქმის ვერტიკალურად დავწექით, ქუსლი გამხმარ-დამწვარი ხის ძირს მივადეთ, თოკი მოვიბით, რომ არ ჩავცვენილიყავით და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ფონზე პირველად მივეცი ფხიზელ ძილს მპრაქტიკულად ფეხზე მდგომი.

პ.ს. უთენია შრიალის ხმა შემოგვესმა, ის არგავდა ძველს, არამედ უფრო ძლიერად, უფო ხმაურიანად და უფრო ახლოს... სხვა დროს გავაგრძელებ...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG