Accessibility links

logo-print

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ლაცაბიძე


საქართველოს პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და მისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტელეკომპანიის გასაკონტროლებლად გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი „იბერიის“ სამაუწყებლო ლიცენზია და შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელება ითავეს ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ლაცაბიძემ. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით დაიწყო გამოძიება და საგადასახო რევიზია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კუთვნილი „ომეგა ჯგუფის“ მიმართ, რომლის ყველა ოფისში, მათ შორის „იბერიაში“ განლაგდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი და პროდუქცია და პერსონალი შენობებიდან გააძევეს, რამაც გამოიწვია ტელეკომპანია „იბერიის“ და გაზეთ „ახალი ეპოქის“ საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება. საქართველოს პროკურატურის ცნობით, 2004 წლის შემოდგომაზე გიორგი ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარა „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, რომელსაც კომპანიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და სპეცრაზმის გაყვანის სანაცვლოდ კატეგორიულად მოთხოვა „იბერიის" სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა. პროკურატურის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, ბიზნესის გადასარჩენად დათანხმებოდნენ სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის უკანონო მოთხოვნას. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ტელეკომპანიის წილების დათმობის და გადაფორმების იურიდიული პროცედურების უზრუნველყოფა ზურაბ ადეიშვილმა დაავალა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, დიმიტრი ქიტოშვილს, რომლის მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებს 2004 წლის დეკემბერში, სანოტარო ბიუროში მოაწერეს ხელი „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელმა ლევან აღდგომელაშვილმა და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლებმა. პროკურატურის განცხადებით, ამ დოკუმენტების თანახმად, ტელეკომპანია გაიყო ორ სუბიექტად და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ „ტელეკომპანია აისი,“ რომელსაც მაუწყებლობის ლიცენზია გადაეცა, და კომპანია „იბერია TV,“ რომელიც დანარჩენი ქონების მფლობელი გახდა. პროკურატურის ინფორმაციით, „ტელეკომპანია აისის“ დირექტორი, 100%-იანი წილის მფლობელი და მაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დიმიტრი ქიტოშვილის მეგობარი დავით კაკაურიძე, შემდეგ კი ბიძინა ნიჟარაძე. გამოძიების ცნობით, 2007 წლის სექტემბერში, ზურაბ ადეიშვილის მითითებით, დიმიტრი ქიტოშვილმა ტელეკომპანიის ლიცენზია ბიძინა ნიჟარაძისგან გადაუფორმა ადეიშვილთან დაკავშირებულ პირს, იოსებ მგელაძეს, რომელმაც თავის მხრივ, 2012 წლის თებერვალში გადასცა კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის, გიორგი არველაძის ხელში აღმოჩნდა. „მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებმა შეასრულეს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა, მთავრობის დადგენილებით მოხდა „ომეგა ჯგუფის“ გადასახადების რესტრუქტურიზაცია და კომპანია დატოვეს სპეცრაზმელებმა, ლიცენზიის იძულებით დათმობას კი შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა“ - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG