Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილმა „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა თავდაცვის მინისტრის გამოთქმულ ბრალდებებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიმართ ბოლო ხანს გამოთქმულ ბრალდებებს. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, „მრეწველთა პარტიის“ ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებებს, რომ თინა ხიდაშელმა საგარეჯოში, პარლამენტის შუალედური არჩევნებისას კანონი დაარღვია და კოალიციას პრობლემები შეუქმნა. „ეს ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას ყველანაირი საფუძვლის გარეშე“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა თანაგუნდელებს მოუწოდა, საკითხები სხვა წესით და ფორმატით განიხილონ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კოალიციის ერთიანობა. „ყველა ადამიანს, ვინც მზად არის ჩვენთან ერთად აიღოს ტვირთი, რომელიც მსუბუქი არ არის და ქვეყანას ემსახუროს იმ ხედვით და პრინციპებით, რომლითაც წინ მივდივართ, მზად ვართ კარი გავუღოთ. არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ და სალაპარაკო მივცეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ “ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG