Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ მივდივართ ევროპისაკენ, ჩვენ ვართ ევროპა


„ჩვენ არ მივდივართ ევროპისაკენ, ჩვენ ვართ ევროპა“ - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ტრადიციულად, კულტურულად, ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში იყო რეგიონში ევროპული კულტურის ერთ-ერთი წარმომადგენელი და თავის პარტნიორებს უნდა გაუმყაროს აღქმა, რომ დღესაც ევროპის განუყოფელი ნაწილია. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის წარმატებით შესასრულებლად, ევროკომისიისგან დადებითი დასკვნა მიიღო და ამჟამად მოლოდინი მაქსიმუმამდეა აყვანილი. „ნებისმიერი წარუმატებლობა ამ მიმართულებით პირდაპირი საკვები იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალებისთვის“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ თხოვს საქართველო ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, რომ თუკი არსებობს რაიმე სკეპტიკური შეხედულებები საქართველოსთვის უვზიო მიმოსვლის მინიჭებისადმი, მაქსიმალურად განეიტრალდეს, რადგან ქვეყანას უკვე დაკმაყოფილებული აქვს ყველა ტექნიკური პირობა, ყველა სისტემა ადგილზე აქვს და ერთ-ერთი საუკეთესოა სასაზღვრო კონტოლი. „საქართველოს აქვს ყველა საშუალება იყოს პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპისთვის და ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ ყველა ჩვენს კოლეგამდე ევროპაში“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG