Accessibility links

logo-print

რესპუბლიკური პარტია ამ ეტაპზე წყვეტს საჯარო დებატებს გოგი თოფაძის ბოლოდროინდელ ბრალდებებზე


რესპუბლიკური პარტია ამ ეტაპზე წყვეტს საჯარო დებატებს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიმართ მმართველი კოალიციის წევრის, „მრეწველთა“ პარტიის ლიდერის, გოგი თოფაძის ბოლოდროინდელ ბრალდებებზე. მისი თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში "რესპუბლიკელები" იძულებულნი გახდნენ, კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის წარმომადგენლისათვის საჯარო და მკაცრი პასუხი გაეცათ, რაც განაპირობა თავდაცვის მინისტრის მიმართ ცილისმწამებლურმა, ანტიკოალიციურმა და ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებებმა. „კოალიციის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯარო და მკაფიო შეფასება მისცა მომხდარს, განცხადებებს უწოდა მიუღებელი და იმავდროულად საკითხის კოალიციურ ფორმატში გადაწყვეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი. აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს, რადგან ველით კოალიციის შიდა ფორმატში მსჯელობას, რის შედეგადაც მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით” - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG