Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის მრჩეველი საჭიროდ მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაუყოვნებლივ რეფორმას


საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუყოვნებლივ საჭიროებს ძირეულ რეფორმირებას. ეს შეფასება მან გამოთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. კოჟორიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც საბჭომ 22 თებერვალს სასამართლოს თავმჯდომარე დაითხოვა. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამწუხაროდ არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში. არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში. არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით. და ყველაზე უკეთ ის, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები, თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ. მოსაზრება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმები სჭირდება, უკვე გამოთქმული აქვს საქართველოს პრეზიდენტს. თავად მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ სასამართლოში გაასაჩივრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც უსაფუძვლოდ მიაჩნია. ახვლედიანის აზრით, მას საბჭოს მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო დევნიან. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ახვლედიანის მიერ საბჭოს კომპეტენციაში არსებული საკითხების ერთპიროვნულად გადაწყვეტა.

XS
SM
MD
LG