Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, გერმანიის მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა


„გერმანიის მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა, რათა საქართველომ მიიღოს თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ. მიხეილ ჯანელიძის თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას საუბარი იყო საქართველო-გერმანიის ურთიერთობების კონკრეტულ მიმართულებებზე, მათ შორის დადებით ტენდენციებზე, რომლებიც შეინიშნება ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. ჯანელიძის თქმით, პრიორიტეტულ ამოცანად დასახელდა საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესება და საქართველოში გერმანული ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. “საქართველოს ევროპულ მომავალსა და ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას გერმანიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეფორმების გზაზე ძალიან წარმატებულია და გამოირჩევა როგორც პოლიტიკური, ასევე დემოკრატიული რეფორმების კუთხით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განხილული იყო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარებაც. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველომ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის გერმანიას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

XS
SM
MD
LG