Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეშახტეთა გაფიცვის თაობაზე იმსჯელა საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა


ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვის პრობლემაზე იმსჯელა საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ტყიბულში შექმნილი სიტუაციის გამო, მთავრობის წევრებს უკვე ჰქონდათ წინასწარი განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა სთხოვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა მინისტრებს - დავით სერგეენკოს და ნოდარ ხადურს. დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესაბამისად, პირველივე დღეებიდან ჩაერთო ტყიბულში შექმნილ სიტუაციაში და მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, მაინც რჩება შრომითი დავის ფარგლებში. „ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როცა მოლაპარაკების გზით და ჩვენი მხრიდან მედიაციით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის მოგვარება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, უკვე მზად არის კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტს უახლოეს ხანში წარუდგენენ. „იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, და ეს უპირველეს ყოვლისა შეეხება სწორედ მეშახტეებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ტყიბულში, კომპანია „საქნახშირი GIG“-ს მაღაროების მუშები დაახლოებით ორი კვირის წინ გაიფიცნენ ხელფასის გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით. ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებამ შედეგი ჯერობით ვერ გამოიღო.

XS
SM
MD
LG