Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიათოლა ხამენეი ირანელებს მოუწოდებს იაქტიურონ არჩევნებში


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ირანელებს მოუწოდებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. „ჩვენს ერს მივმართავ დროულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ... კანდიდატები გონივრულად აირჩიონ ... არჩევნებზე მაღალი აქტიურობა ირანის მტრებს იმედებს გაუცრუებსო“ - განაცხადა მან მას შემდეგ, რაც თავად მიიღო მონაწილეობა პარლამენტის და ექსპერტთა საბჭოს არჩევნებში. ამ საბჭოს უზენაესი ლიდერის დანიშვნის და გათავისუფლების უფლებამოსილება აქვს. დღევანდელი არჩევნები პირველია მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეული, ისტორიული მნიშვნელობის ბირთვული შეთანხმება. არჩევნებს განიხილავენ ერთგვარ რეფერენდუმად ამ შეთანხმების და ზომიერი შეხედულებების მქონე პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თაობაზე. როჰანი აქცენტს სვამს ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც ირანის რიგითი მოქალაქეები ნახავენ ამ შეთანხმებით, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების მოხსნის შედეგად. რეფორმატორები გამოდიან მეტი დემოკრატიული ცვლილებების მოწოდებებით, როჰანისთან დაკავშირებული, ზომიერი პოზიციების მქონე ძალები არჩევნებში უპირისპირდებიან რადიკალურ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბირთვულ შეთანხმებას და დასავლეთთან ურთიერთობის დათბობას. ირანის გარშემო მოქმედებს 53,000-მდე საარჩევნო უბანი. ირჩევენ 290 წევრიან პარლამენტს და 88 წევრისგან შემდგარ ექსპერტთა საბჭოს. ხმის მიცემის უფლება აქვს თითქმის 55 მილიონ მოქალაქეს.

XS
SM
MD
LG