Accessibility links

logo-print

ობამა რუსეთს აფრთხილებს, რომ „მსოფლიო თვალყურს მიადევნებს“ სირიაში ზავის დამყარებას


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ რუსეთი გააფრთხილა, რომ „მსოფლიო თვალყურს მიადევნებს“ მოსკოვის მიერ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირობის შესრულებას. შეთანხმება 27 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. „შემდეგი რამდენიმე დღე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება და მსოფლიო თვალყურს მიადევნებს“, რამდენად იცავენ რუსეთი და მისი სირიელი მოკავშირეები ზავსო, განაცხადა ობამამ მას შემდეგ, რაც ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლებთან გამართა შეხვედრა 25 თებერვალს. მან ზავს უწოდა „ტესტი“ იმის გასაგებად, სურთ თუ არა რუსეთს და სირიის რეჟიმს ფართო პოლიტიკური გადაწყვეტა მოეძებნოს სირიაში ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომს. რუსეთის საჰაერო თავდასხმებით მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების მიერ მიმდინარე თვეში წარმოებულმა კამპანიამ, რომელიც მიზნად ისახავდა მეამბოხეების მიერ დაკავებული ქალაქ ალეპოს ალყაში მოქცევას, ჩაშალა ზავის დამყარების წინა მცდელობა და სამშვიდობო მოლაპარაკებები. ობამას თქმით, სირიაში გარკვეული შეტაკებები სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან საზავო შეთანხმება არ მოიცავს ექსტრემისტულ ჯგუფს, „ისლამურ სახელმწიფოს“ და ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ნუსრას ფრონტს. მისი თქმით, მან აშშ-ის სამხედრო ძალებს დაავალა გააგრძელონ უკომპრომისო კამპანია საიმისოდ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები „ყველა ფრონტზე“ განადგურდნენ, მათ შორის ლიბიაში, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ პოზიციებს იმყარებს. ობამას განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყში გამართულმა წარმატებულმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და ექსტრემისტებმა დაკარგეს პოზიციებისთითქმის ნახევარი.

XS
SM
MD
LG