Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროვიზიის კონკურსი ყირიმის კონფლიქტის ფონზე


„ჯამალა“
„ჯამალა“

ავტორები: ვიქტორია ვესელოვა, ოლექსანდრა მელნიკოვა, მარიამ ჭიაურელი

ევროვიზიის კონკურსი, პოპკულტურის ბრჭყვიალა, მხიარული ზეიმი, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უყურებს და ბევრი უყურებს საქართველოშიც, წელს შვედეთში გაიმართება. მანამდე კიდევ რამდენიმე თვე რჩება და ახლა სალაპარაკოდ, ალბათ, არც ღირს, რომ არა ერთი კონკურსანტი, უკრაინის წარმომადგენელი, რომლის ვინაობაც უკვე გაირკვა. ახალგაზრდა ქალი, ფსევდონიმით „ჯამალა“, შეასრულებს სიმღერას საბჭოთა კავშირში სტალინის მმართველობის დროს, 1944 წელს, ყირიმიდან ასიათასობით ადამიანის გადასახლებაზე, სიკვდილსა და უსამართლობაზე. მართლაც, უჩვეულო თემებია ევროვიზიისათვის და ძალიან აქტუალური რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფონზე.

ჯამალა ევროვიზიის კონკურსზე უკრაინის წარმომადგენელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერა არ მიუღია თავისი, ალბათ, ყველაზე მგზნებარე გულშემატკივრებისაგან, ყირიმელი თათრებისაგან. ეს იმიტომ, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო ყირიმიდან მონაწილეობა უკრაინელი კონკურსანტის არჩევაში. 2014 წლის მარტში რეგიონის ანექსიის შემდეგ, ის დაატოვებინეს უკრაინის სატელეკომუნიკაციო კომპანიებს. მათ აპარატურას ახლა რუსული კომპანიები იყენებენ.

"ჯამალა"
"ჯამალა"

„ეს ძალიან მტკენს გულს! ვიცი, რომ ბევრი მხარდამჭერი მყავს ყირიმში. ბევრმა მომწერა, რომ მაინც გამომიგზავნის ტექსტურ შეტყობინებას, რადგან მე მიჭერს მხარს. ვეუბნები, რომ ფულს ტყუილად ხარჯავენ, მათი ხმები არ ჩაითვლება, მაგრამ ამბობენ, რომ მაინც მიგზავნიან ეს-ემ-ეს-ებს“, უთხრა ჯამალამ ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურს.

მისი სიმღერის ინგლისური ტექსტი და თათრული მისამღერი მოგვითხრობს 1944 წელს 250 ათასამდე ყირიმელი თათრის დეპორტაციის ამბავს. კოლექტიური სასჯელის მიზეზად კრემლს მოჰყავდა ყირიმელების თითქოსდა თანამშრომლობა გერმანელ ფაშისტებთან. დეპორტირებულების 30-50% პირველივე წლებში გარდაიცვალა… ეს იყო ყირიმელთა ტრაგედია, რომელიც უკრაინის პარლამენტმა შარშან ნოემბერში გენოციდად ცნო.

ვერ დავტკბი ჩემი ახალგაზრდობით, ვერ ვიცხოვრე სამშობლოშიო, მღერის ჯამალა. „ეს სიმღერა მართლა ჩემს ოჯახზეა, ჩემს ბებიაზე. არ შემეძლო არ დამეწერა! ყოველთვის ძალიან განვიცდი: როცა ვწერდი, განვიცდიდი და როცა ვასრულებ ხოლმე, მაშინაც ასე ვარ. ეს სიმღერა ხსოვნაზეა! ჩემთვის არ არის იოლი მისი შესრულება“, - უთხრა მუსიკოსმა ჩვენს რადიოს.

ბევრი ყირიმელი თათარი წერს სოციალურ ქსელებში, რომ ჯამალას სიმღერა დღევანდელ ვითარებას ირეკლავს: რუსეთის ხელისუფლებას ხომ ხშირად ადანაშაულებენ ყირიმელი თათრების უფლებების უხეშად დარღვევაში.

თუ ყირიმელებს არ შეეძლებათ ასეთ უკრაინულ კონკურსებში მონაწილეობა და ეს ევროვიზიასაც ეხება, ნიშნავს, რომ ჩუმად ვეთანხმებით იმათ, ვინც ამბობს, რომ ყირიმი არ არის უკრაინის ნაწილი...
რეფატ ჩუბაროვი

„ჯამალა“ ფსევდონიმად აქვს შერჩეული 32 წლის სუზანა ჯამალადინოვას, რომელიც ყირგიზეთში დაიბადა, ყირიმიდან დეპორტირებული თათრების ოჯახში. დაწყებითი მუსიკალური განათლება საბჭოთა ყირგიზეთში მიიღო, ოჯახის ყირიმში დაბრუნების შემდეგ კი სწავლა სიმფეროპოლის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა ჯაზი. მოზარდი იყო, როცა პირველად მოსინჯა ძალები სასიმღერო კონკურსში.

ახლა ის უკრაინის წარმომადგენელი იქნება ევროვიზიის კონკურსზე - კონკურსზე, რომლის ფინალურ კონცერტსაც, მაგალითად, შარშან, მსოფლიო მასშტაბით, 200 მილიონამდე ადამიანმა უყურა. ყირიმელი თათრების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ევროვიზიის უკრაინელ ორგანიზატორებთან ერთად იმუშავებენ საგანგებო სისტემის მოსამზადებლად, რათა ხალხმა ყირიმიდანაც შეძლოს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ჯამალას მხარდასაჭერად.

„თუ ყირიმელებს არ შეეძლებათ ასეთ უკრაინულ კონკურსებში მონაწილეობა და ეს ევროვიზიასაც ეხება, ნიშნავს, რომ ჩუმად ვეთანხმებით იმათ, ვინც ამბობს, რომ ყირიმი არ არის უკრაინის ნაწილი“, - ასე ფიქრობს ყირიმელი თათრების ლიდერი, რეფატ ჩუბაროვი.

ჯამალა როგორც ამბობს, სიმღერა „1944“ მხოლოდ წარსულს არ ეხება. როცა ვმღერი, ფიქრებით ჩემს ნათესავებთან, ყირიმში მყოფ ახლობლებთან ვარო, ამბობს ის: „ყირიმელი თათრები ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ ძალიან უჭირთ, ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიან. ზოგი უკვალოდ არის დაკარგული. ეს საშინელებაა! არ მინდა, რომ ისტორია განმეორდეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG