Accessibility links

logo-print

ალექსი პეტრიაშვილი გამომძიებლებთან შეხვედრას ელოდება


„თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი გამომძიებლებთან შეხვედრას ელოდება - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც ალექსი პეტრიაშვილი მოინახულა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ალასანიას განცხადებით, პეტრიაშვილი გამომძიებლებს დეტალურად აღუწერს მასზე მომხდარ თავდასხმას და მკვლელობის მცდელობას. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ინფორმაციით, წუხელ ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოში მოინახულა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. "მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე, საერთაშორისო ლიდერებს, ვინც გვეხმიანება, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისი შეფასებით, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა საერთაშორისო დონეზე აყვანილი კრიმინალური საქმეა, რომლის გამოძიება მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვისაც. ირაკლი ალასანიას იმედი აქვს, რომ გამოძიება ობიექტურ ჭეშმარიტებას სწრაფად დაადგენს. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან 26 თებერვალს დაჭრეს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე. ალექსი პეტრიაშვილის მკურნალმა ექიმმა ავთანდილ იმედაძემ დღეს ჟურნალსიტებს აცნობა, რომ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესი იმდენად კარგად მიმდინარეობს, რომ შესაძლოა, კლინიკიდან სამ დღეში გაწერონ.

XS
SM
MD
LG