Accessibility links

logo-print

მუსლიმები და ქრისტიანები ერთი სასაფლაოთი ისარგებლებენ სოფელ ადიგენში


მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის უთანხმოება ამოიწურა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში. ორივე თემის, სასულიერო პირების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ მუსლიმები და ქრისტიანები ერთი სასაფლაოთი ისარგებლებენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საერთო ტერიტორიის ერთ მხარეს მუსლიმებს, მეორე მხარეს კი ქრისტიანებს დაკრძალავენ. რელიგიურ ნიადაგზე 29 თებერვალს მომხდარი დაპირისპირება გამოიწვია სახელმწიფოს გადაწყვეტილებამ, ადიგენში მცხოვრები მუსლიმებისთვის გამოეყო მიწის ნაკვეთი სასაფლაოს მოსაწყობად. ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოწვია ადგილობრივ ქრისტიანებში, რომლებმაც მოითხოვეს, რომ მუსლიმებს უკვე არსებული სასაფლაოთი ესარგებლათ. 29 თებერვალს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცავები საქმეს იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო. პოლიციამ უკვე დაკითხა რამდენიმე ადამიანი.

XS
SM
MD
LG