Accessibility links

logo-print

ავღანეთში ინდოეთის საკონსულოზე თავდასხმისას დაიღუპა ექვსი ექსტრემისტი


ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თავს დაესხნენ ინდოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ოფიციალური პირების მონაცემებით, დაიღუპა ექვსი თავდამსხმელი, მათ შორის თვითმკვლელი, რომელმაც აფეთქება მოაწყო. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა 2 მარტს დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა ინდოეთის საკონსულოს კომპლექსის შესასვლელში, რასაც მოჰყვა უფრო მომცრო აფეთქებები და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, როცა დანარჩენმა ექსტრემისტებმა სცადეს საკონსულოს ტერიტორიაზე შეჭრა. ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, რომ საკონსულოს კომპლექსის გარშემო აღმართულ ბარიერთან დაინახა ოთხი შეიარაღებული პირის გვამები. ოფიციალური პირების მონაცემებით, დაიჭრნენ 16 სამოქალაქო პირი და ორი პოლიციელი. დელიში, ინდოეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა გამოაცხადა, რომ საკონსულოზე მოეწყო თავდასხმა, მაგრამ მასში მყოფ პირებს არაფერი დაშავებიათ. საკონსულო მდებარეობს კვარტალში, სადაც ბევრი სხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებიც არის განთავსებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ცნობილია, რომ რეგიონში ძლიერი პოზიციები აქვთ თალიბანსაც და მის მეტოქე ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსაც“.

XS
SM
MD
LG