Accessibility links

კრემლი „სინანულს“ გამოთქვამს რუსეთისათვის აშშ-ის სანქციების გაგრძელების გამო


კრემლი „სინანულს“ გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილების გამო, კიდევ ერთი წლით გააგრძელოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები, რომლებიც დაწესებულია უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკისთვის. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 3 მარტს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 2 მარტს გამოაცხადა რუსეთისათვის სანქციების გახანგრძლივების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის მოქმედება საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას. სანქციები 2014 წლის მარტში შემოიღეს უკრაინაში მოსკოვის მოქმედებებისათვის, რომლებიც "საფრთხეს უქმნის უკრაინაში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს. აშშ-ის სანქციების მიზეზებად დასახელებულია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში ძალის გამოყენება. რუსეთისათვის სანქციები აქვს დაწესებული ევროკავშირსაც, რომელმაც შარშან დეკემბერში გააგრძელა მათი მოქმედება 2016 წლის ივლისამდე.

XS
SM
MD
LG