Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილმა „ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი“ უწოდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან გამართულ შეხვედრას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი“ უწოდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან 3 მარტს საღამოს გამართულ შეხვედრას. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა რესპუბლიკურ პარტიასა და პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის არის მნიშვნელოვანი“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესში მისაღწევი იქნება გარკვეული შეთანხმებები და თუ კოალიცია კვლავ მრავალპარტიული ფორმატით იქნება წარმოდგენილი, ნებისმიერი ორმხრივი შეთანხმება უნდა დადასტურდეს მრავალმხრივ ფორმატშიც. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანწილად განახლდება თავად პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და მოხდება კონსოლიდაცია საერთო მიზნების გარშემო. „მთლიანად თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი შეიკრიბება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო, რაც უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებული იქნება ჩვენს საუკეთესო ფასეულობებსა და ტრადიციებზე და რა თქმა უნდა, იქნება კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში დაიწყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, საპარლამენტო არჩევნებამდე კი მუშაობა კოალიციური ფორმატით გაგრძელდება. „თუ კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა არსებობს და კოალიცია კიდევ იტანს ამ ტიპის სხვადასხვაობას, მთავრობას გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, უმნიშვნელოვანესი ამოცანები გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით მაღალი. ამიტომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ფოკუსირება და კონცენტრირება იმ ამოცანებზე, რომლებიც ჩვენ მოსახლეობას გააჩნია, რომელიც აქტუალურია ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი" - განაცხადა პრემიერმა-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG