Accessibility links

logo-print

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია გიორგი მიქაუტაძე


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია გიორგი მიქაუტაძე. გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საბჭოს 12-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი, ვახტანგ მჭედლიშვილი. გიორგი მიქაუტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შეცვალა მამუკა ახვლედიანი, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 22 თებერვალს დაითხოვა. დღესვე საბჭომ საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩია გიორგი ებანოიძე; სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელად - სერგო მეთოფიშვილი; და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიის თავმჯდომარედ - რევაზ ნადარაია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ არ დააკმაყოფილა მისი ყოფილი თავმჯდომარის, მოსამართლე მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა და უარი თქვა, მიეღო დროებითი განჩინება, რომლითაც შეაჩერებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესს. მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის შესაჩერებლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღეს წერილობით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის." კოალიციამ პროცესის შეჩერების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ მამუკა ახვლედიანს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ბრძანება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიმართვა არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG