Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საჯარო სკოლებში ახალი საგნის სწავლების საკითხში


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საჯარო სკოლებში ახალი საგნის, „მე და საზოგადოების“ სწავლების საკითხში. „იმაში, რომ ადრეული ასაკიდანვე ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ და განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დადებითის გარდა არაფერია“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, უდიდესი მნიშვნელობა ექნება პედაგოგების მომზადებას, თუმცა, რისკების არსებობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ასეთი დისციპლინა საჭირო არ არის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირი კავშირი ამ საგანსა და სპეკულაციებს შორის არ არსებობს.“ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნებისმიერი მსგავსი საკითხი, რომელიც შეიძლება მომავალშიც წარმოიშვას, უპირველეს ყოვლისა, განხილული უნდა იყოს მთავრობაში და შემდგომ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდაჭერა. „არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და გაბედული ნაბიჯებით უნდა განვახორციელოთ პროგრამები, რომლებსაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მივიჩნევთ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG