Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთმა პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები შემოიღო


მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით უნდა აირჩიონ - რითიც შეიცვალა 16 წლის განმავლობაში მოქმედი საკონსტიტუციო შესწორება, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს პირველი პირის არჩევის უფლებამოსილება დეპუტატებს ჰქონდათ მინიჭებული. სასამართლოს გადაწყვეტილება ბოლო მოვლენაა პოლიტიკურ მღელვარებაში, რომელიც 2009 წელს დაიწყო - მას შემდეგ, რაც ამოიწურა პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინის მეორე საკონსტიტუციო ვადა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის საფუძველზე, დეპუტატები აცხადებდნენ, რომ შესწორება კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენდა. სასამართლოს თავმჯდომარემ, ალექსანდრუ ტანასემ 4 მარტს განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით ხელი შეეშლება ქვეყანაში ახალი კრიზისის დაწყებასო. მოლდავეთში თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც ბიძგი მისცა 2014 წელს სამი ბანკიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტის გაუჩინარებამ. სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლაე ტიმოფტი - რომელიც 2012 წელს აირჩიეს და მისი ვადა მიმდინარე თვეში იწურება - გააგრძელებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მანამ, სანამ პარლამენტი პირდაპირი არჩევნების თარიღს დანიშნავს. დეპუტატებს საამისოდ ორი თვე ექნებათ.

XS
SM
MD
LG