Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრია როგავა: გრავიტაციული ტალღები არანაირად არ მოქმედებს ჩვენი ჯანმრთელობის საზიანოდ


ანდრია როგავა
ანდრია როგავა

მეათე სტუდიის წინა გამოშვებაში შემოგთავაზეთ ინტერვიუ, რომელიც მიეძღვნა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო მიღწევას - გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებას. ეს ტალღები წარმოიქმნა დედამიწიდან 1,2 მილიარდამდე სინათლის წლის დაშორებით ორი შავი ხვრელის შეერთების შემდეგ. ის, რომ გრავიტაცია (მას მსოფლიო მიზიდულობასაც უწოდებენ) ტალღებად ვრცელდება, ჯერ კიდევ 100 წლის წინ თქვა ალბერტ აინშტაინმა, მაგრამ მეცნიერებს 100 წელი დასჭირდათ საიმისოდ, რომ ეს პრაქტიკულად დაესაბუთებინათ. ამ აღმოჩენის არსისა და მნიშვნელობის განმარტება ერთი კვირის წინ ვთხოვეთ პროფესორ მაია თოდუას. ძალიან დიდი იყო და არის ინტერესი, გამოხმაურება ამ საუბარზე, ბევრია ჩვენი მსმენელების და საიტის მკითხველების კომენტარი, მაგრამ ზოგი კომენტარის ავტორები ითხოვენ, უფრო მარტივად ავხსნათ აღმოჩენა, მასთან დაკავშირებული საკითხები - განვმარტოთ ადამიანებისათვის, ვინც ბევრი არაფერი იცის ფიზიკაზე. ამის გამო ვუბრუნდებით გრავიტაციულ ტალღებს. მათზე საუბარი ამჯერად ვთხოვეთ თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელს, პროფესორ ანდრია როგავას.

ანდრია როგავა: „ძალიან დიდი მნიშვნელობის აღმოჩენა მოხდა, იმიტომ რომ იცის, ალბათ, საზოგადოებამ, რომ გრავიტაციული ტალღების არსებობა იყო ნაწინასწარმეტყველები ალბერტ აინშტაინის მიერ დაახლოებით 100 წლის წინ და ამის შემდეგ იყო რამდენჯერმე მცდელობა ამ ტალღების ექსპერიმენტულად აღმოჩენისა. და აი, პირველად მოხდა ისტორიაში ძალიან დიდი სიზუსტით და დიდი გარანტიით ჩვენება იმისა, რომ ეს ტალღები მართლაც არსებობენ, რაც ფუნდამენტური მეცნიერებისთვის მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის აღმოჩენაა, იმიტომ რომ ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი წარმოდგენები სამყაროს აგებულების შესახებ და, კერძოდ, გრავიტაციული ველის, სამყაროს გეომეტრიული აგებულების შესახებ არის აბსოლუტურად სწორი - ის თეორია, რომელსაც ჰქვია ფარდობითობის ზოგადი თეორია და რომელიც სწორედ აინშტაინმა ჩამოაყალიბა 1915 წელს“.

რადიო თავისუფლება: ე.ი. ჩვენ ვიცით, რომ გრავიტაციული ტალღები, რომელთა დაფიქსირებაც მეცნიერებმა შეძლეს (ეს მოხდა შეერთებულ შტატებში აგებული ხელსაწყოების მეშვეობით და ამ აღმოჩენის შესახებ ჩვენ, ფართო საზოგადოებამ, 11 თებერვალს შევიტყეთ), ეს გრავიტაციული ტალღები წარმოიშვა ორი შავი ხვრელის შეერთების შედეგად. მინდა გთხოვოთ ახსნათ მარტივად, რა არის შავი ხვრელები და რამდენად ხშირია მათი შეერთება, როგორ მოხდა, რომ შეერთდნენ.

ანდრია როგავა: „შავი ხვრელი - ეს არის საკმარისად მასიური ვარსკვლავის ევოლუციის საბოლოო ეტაპი. როდესაც ვარსკვლავი, ასე ვთქვათ, კვდება და როდესაც ვარსკვლავში გამოილევა თერმობირთვული საწვავი, იგი იწყებს შეკუმშვას და ამის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ძალიან პატარა ზომის, ძალიან დიდი სიმკვრივის მქონე ვარსკვლავი. ასეთი ვარსკვლავების ტიპი არის სამი: თეთრი ჯუჯა, ნეიტრონული ვარსკვლავი და შავი ხვრელი. შავი ხვრელები არიან ამათგან ყველაზე მასიური, ყველაზე მეტად შეკუმშული ობიექტები, რომლებიც იმდენად დიდი სიმკვრივის არიან, რომ ამ ვარსკვლავიდან არ გამოდის არაფერი - სინათლეც კი! ამიტომ ჰქვიათ ეს სახელი, შავი ხვრელი“.

რადიო თავისუფლება: ჩვენი მზე არის ვარსკვლავი. რა მოელის მზეს, თეორიულად? შეიძლება, შავ ხვრელად გადაიქცეს?

ანდრია როგავა: „არა! შავ ხვრელად მზე არ გადაიქცევა! ჩვენ საკმაოდ დიდი დარწმუნებით ვიცით, რომ მზე, დაახლოებით, 5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. ის ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, შუახნის ვარსკვლავია თავისი ასაკით. ის, დაახლოებით, კიდევ 5 მილიარდი წელი იარსებებს. შემდეგ ის დაიწყებს შეკუმშვას, მას მოუვა გრავიტაციული კოლაფსი, მაგრამ მზისგან წარმოიქმნება არა შავი ხვრელი, არამედ ე.წ. თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი. ასეთი ვარსკვლავი ძალიან ბევრია სამყაროში. ისინი შავი ხვრელებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ ნაკლებად მკვრივი არიან. მათი გრავიტაციული ველი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც შავი ხვრელების, ამიტომ ისინი გარკვეულ სინათლეს ასხივებენ, თეთრი ფერის სინათლეს. ამიტომაც მათ ჰქვიათ თეთრი ჯუჯა. იმისათვის, რომ შავი ხვრელი წარმოიშვას, ვარსკვლავი ბევრად უფრო მასიური უნდა იყოს“.

რადიო თავისუფლება: მზე არის შედარებით პატარა ვარსკვლავი და ამიტომ არა აქვს შავ ხვრელად ქცევის პერსპექტივა?...

ანდრია როგავა: „დიახ, მზე შედარებით მსუბუქი ვარსკვლავია. მზეზე რამდენჯერმე უფრო მძიმე - სამჯერ, ოთხჯერ უფრო მძიმე - ვარსკვლავიდან, დიდი ალბათობით, წარმოიქმნება შავი ხვრელი“.

რადიო თავისუფლება: კეთილი. ეს შავი ხვრელის არსზე. რამდენად ხშირია მათი შეერთება? ჩვენ ვიცით, რომ შავი ხვრელების შეერთება, რომლის გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებაც მეცნიერებმა შეძლეს, მოხდა 1,2 მილიარდამდე სინათლის წლის წინ, ძალიან დიდი ხნის წინ! საერთოდ, ეს იშვიათობაა?

ანდრია როგავა: „აქ რამდენიმე ფაქტორის დამთხვევა მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, მეცნიერებს, საკმაოდ გაგვიმართლა, რადგან ამ დანადგარმა, LIGO-მ, რომელიც ამერიკაში ამუშავდა, დაიწყო მუშაობა სწორედ შარშან სექტემბერში. და უნდა ითქვას, რომ გაგვიმართლა იმ აზრით, რომ მალევე ამ დანადგარმა დააფიქსირა ეს საოცარი მოვლენა. საერთოდ, მეცნიერებს არა აქვთ ზუსტი რაოდენობრივი თეორია ამაზე, მაგრამ ორმაგი შავი ხვრელები, ანუ სისტემები, სადაც ორი შავი ხვრელი მასათა საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავს, არც ისე ხშირი უნდა იყოს სამყაროში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს მოვლენა, რომელსაც ჩვენ დავაკვირდით, მოხდა არა ჩვენს გალაქტიკაში, არამედ მოხდა ძალიან შორეულ გალაქტიკაში - შესაბამისად, გაგვიმართლა, რომ გვქონდა ინსტრუმენტი, რომელიც ამ მოვლენას დააკვირდებოდა სწორედ მაშინ, როდესაც ეს მოვლენა მოხდა“.

რადიო თავისუფლება: ე.ი. უკვე გავიგეთ, რა არის შავი ხვრელები. ისინი შეერთდნენ ჩვენი გალაქტიკიდან ძალიან, ძალიან შორს და წარმოიქმნა გრავიტაციული ტალღები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. განმარტება ასეთია: „გრავიტაციული ტალღა არის სივრცე-დროის ტალღისებური ცვლილება“. ძალიან რთული გასაგებია! სივრცე-დრო? ჩვენ ვიცით სივრცე რა არის, ვიცით დრო რა არის, მაგრამ სივრცე-დრო რა არის? ძალიან ძნელია ამის გაგება...

ანდრია როგავა: „შევეცდები ავხსნა. სინამდვილეში არც ისე რთულია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს! საქმე იმაშია, რომ სწორედ ფარდობითობის თეორიამ, ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ დაადგინა, რომ ვცხოვრობთ არა სამგანზომილებიან სივრცეში, როგორც მანამდე წარმოგვედგინა, არამედ ოთხგანზომილებიან ე.წ. სივრცე-დროში. დრო არის მეოთხე განზომილება ამ ოთხგანზომილებიანი რეალობის, რომელსაც ჩვენ სახელად დავარქვით სივრცე-დრო (ინგლისურად spacetime). და 1915 წელს, როდესაც ფარდობითობის თეორია შეიქმნა, აინშტაინმა აღმოაჩინა, რომ სივრცე-დროის გეომეტრიული თვისებები არის ძალიან დიდად დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ არის მასა და ენერგია განაწილებული სამყაროში. და სივრცე-დრო გამრუდებულია. აი, რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითად, წყლის ზედაპირი და წყალში ჩავაგდოთ კენჭი, ხომ? ამ დროს წყლის ზედაპირზე ხომ გავრცელდება გარკვეული ტიპის ზედაპირული ტალღები? აი, დაახლოებით ასეთი მოვლენაა გრავიტაციული ტალღა! როდესაც სამყაროში რაღაცა, საკმარისად მასიური, ძლიერი გრავიტაციული ველის მქონე სხეული იწყებს აჩქარებულად მოძრაობას, ამ დროს იგი ასხივებს გრავიტაციულ ტალღებს. ეს გრავიტაციული ტალღები ვრცელდება სივრცე-დროში, როგორც წყლის ზედაპირზე ვრცელდება ტალღები, და თუ გვაქვს საკმარისად მგრძნობიარე დეტექტორი, შეგვიძლია ეს ტალღები დავაფიქსიროთ. ეს არის რეალურად ის, რაც გააკეთეს მეცნიერებმა ამ რამდენიმე თვის წინ“.

რადიო თავისუფლება: განსხვავებით წყლის ზედაპირზე ტალღებისაგან, რომლებსაც ვხედავთ, ამ გრავიტაციულ ტალღებს ვერ ვხედავთ.

ანდრია როგავა: „ეს ძალიან სუსტი ეფექტია! შედარებისათვის მოგიყვანთ მაგალითს, რომელიც კარგად დაგანახვებთ, რამდენად დიდი სიზუსტის დანადგარია ის, რომელიც მუშაობს. საერთოდ, არ უნდა გვეგონოს, რომ გრავიტაციული ტალღები მხოლოდ შავი ხვრელების ურთიერთდაჯახებისას წარმოიქმნება. გრავიტაციული ტალღები წარმოიქმნება ყოველთვის, როდესაც მასიური სხეული მოძრაობს აჩქარებულად და როდესაც ამ მოძრაობას არ გააჩნია მაღალი რიგის სიმეტრია. ბევრმა ეს არ იცის, არადა საინტერესოა: ჩვენ რომ ავიღოთ, მაგალითად, დედამიწა და მზე, ეს სისტემა, ხომ? სისტემა დედამიწა-მზე ასევე ასხივებს გრავიტაციულ ტალღებს, თქვენ წარმოიდგინეთ! ოღონდ, იმის გამო, რომ დედამიწა და მზე არ არიან ისეთი ძლიერი გრავიტაციული ველის მქონენი, როგორც შავი ხვრელები, და ვინაიდან ისინი ერთმანეთისაგან გაცილებით უფრო შორს არიან, ვიდრე ის ორი შავი ხვრელი, რომელიც ერთმანეთს დაეჯახა, ამიტომ ეს გრავიტაციული ტალღები, რომლებიც წარმოიქმნება ჩვენს სისტემაში, არის ძალიან მცირე ენერგიის მქონე. ეს გამოთვლილია, სხვათა შორის: ცნობილია, რომ დედამიწა იმის გამო, რომ ეს სისტემა ასხივებს გრავიტაციულ ტალღებს, უფრო და უფრო უახლოვდება მზეს და ერთ მშვენიერ დღეს დაეცემა მზეზე.

მაგრამ ეს როდის მოხდება, იცით? ეს მოხდება დროში, რომელიც დაახლოებით 1000 მილიარდჯერ მეტია, ვიდრე სამყაროს დღევანდელი ასაკი. წარმოიდგინეთ, რამდენად მცირე ეფექტია! დაახლოებით, 300 წელი სჭირდება, რომ დედამიწა მზეს მიუახლოვდეს წყალბადის ატომის ზომის მანძილზე. ეს იმდენად მცირე ეფექტია, რომ მისი თანამედროვე და, ალბათ, შორეული მომავლის ექსპერიმენტული შესაძლებლობებით შეუძლებელი იქნება მისი დაფიქსირება. და აი, სწორედ ამიტომ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისათვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი სისტემის პოვნა, სადაც გვაქვს ორი დიდი მასის მქონე სხეული, რომლებსაც აქვთ ძალიან ძლიერი გრავიტაციული ველი და რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოხდა ჩვენგან ძალიან დიდ მანძილზე, მაინც შევძელით ამ მოვლენის დაფიქსირება. ეს იყო უაღრესად დიდი სიზუსტის მქონე დაკვირვება, რომელიც, ალბათ, შევა ფიზიკის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ექსპერიმენტული მეცნიერების“.

რადიო თავისუფლება: როდესაც ვესაუბრებოდი ქალბატონ მაია თოდუას, თქვენს კოლეგას, ვკითხე, რამდენად მიაჩნია, რომ ეს აღმოჩენა ნობელის პრემიას იმსახურებს და მაშინვე თქვა, რომ, ალბათ, თუ რამე იმსახურებს, ეს აღმოჩენაც იმსახურებსო!

ანდრია როგავა: „კი, რასაკვირველია! ეს ჯგუფი, რომელმაც ეს აღმოჩენა გააკეთა, ყველანაირ ეპითეტებსა და ქებას იმსახურებს. ეს უდიდესი მნიშვნელობის აღმოჩენაა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ! თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ აი, ამ იდეას - ამ დანადგარის, ამ ექსპერიმენტის იდეას - აქვს რამდენიმე ათწლეულიანი ისტორია. და აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ დიდი მეცნიერი, ამერიკელი ექსპერიმენტატორი ჯოზეფ უებერი, რომელიც ჯერ კიდევ 60-ანი წლების ბოლოს ცდილობდა აღმოეჩინა გრავიტაციული ტალღები და შექმნა ძალიან საინტერესო ტიპი გრავიტაციული ანტენის, რომლითაც ჰქონდა გრავიტაციული ტალების აღმოჩენის მცდელობა. და როგორც იგი თავიდან ამტკიცებდა, შეძლო კიდევაც ამ ტალღების აღმოჩენა. თუმცა შემდგომში, როგორც მისი შედეგების კრიტიკულმა ანალიზმა აჩვენა, მას გარკვეული შეცდომები მოუვიდა და რეალურად მის დანადგარს გრავიტაციული ტალღები არ დაუფიქსირებია.

მაგრამ ის იდეა, რომელიც უებერს ჰქონდა, იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ შემდეგ, უკვე 70-ან წლებში, რამდენიმე ფიზიკოსმა დაიწყო თანამედროვე დანადგარის იდეაზე მუშაობა. და აი, ეს LIGO, ახლანდელი ინტერფერომეტრი (აშშ-ში შექმნილი დანადგარი, რომლითაც მოხერხდა გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება - მ.ჭ.)... დაიწყო მასზე აქტიური მუშაობა 1984 წელს. ასე რომ, ამას დასჭირდა რამდენიმე ათწლეული, სანამ ეს იდეა უკვე ხორცშესხმული იქნებოდა, როგორც რეალური დანადგარი და, როგორც ვიცით, დაიწყო ამ LIGO-მ მუშაობა შარშან, სექტემბერში, და ძალიან მალევე იყო გაკეთებული ეს აღმოჩენა“.

რადიო თავისუფლება: ეს აღმოჩენა არის თაობების შრომის შედეგი. 100 წლის წინ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, მერე ყველაზე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანები, რამდენიმე თაობის, ამაზე მუშაობდნენ. ჩაიდო უზარმაზარი ფული, უზარმაზარი ფული, უზარმაზარი ძალისხმევა... და რა არის შედეგი? ვიცით, დავაფიქსირეთ! მაგრამ რა სარგებელი, რა ხელშესახები შედეგი აქვს ამისგან კაცობრიობას?

ანდრია როგავა: „გასაგებია ... ეს არ არის ტრივიალური კითხვა. აი, ხანდახან, ასე ვიტყოდი, ფუნდამენტური მეცნიერებების კრიტიკოსები ასეთ რამეს ამბობენ ხოლმე: ძალიან საინტერესოა ასტროფიზიკა, თეორიული ფიზიკა, კოსმოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან განყენებული, ძალიან მოწყვეტილი ჩვენს ყოველდღიურობას. ჩვენ ამით, თითქოს, ჩვენს ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებთ. მაგრამ რა სარგებელი აქვს ამით საშუალო სტატისტიკურ ადამიანს?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია! საქმე ისაა, რომ როდესაც ჩვენ ფუნდამენტურ კვლევას ვაწარმოებთ, ამ დროს იმდენად ვითარდება ახალი ტექნოლოგიური მეთოდები, სიახლეები შემოდის ყველანაირი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან უკვე ინერგება ჩვეულებრივ ინდუსტრიაშიც, ინერგება, თუნდაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

აი, ამის კარგი მაგალითია, რომ როცა შატლის - მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის - ამერიკული პროგრამა განვითარდა, შატლის პროგრამამ შემოიტანა რამდენიმე ისეთი ტექნოლოგიური სიახლე, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, განვითარებულ იქნა ახალი მასალები, რომლებიც დღეს გამოიყენება თითქმის ყველა დარგში ტექნოლოგიების“.

რადიო თავისუფლება: შეიძლება დავამატო შეკითხვა? დავუშვათ, აინშტაინმა 100 წლის წინ რომ შექმნა ზოგადი ფარდობითობის თეორია, რა კონკრეტული შედეგი მოჰყვა მის აღმოჩენას?

ანდრია როგავა: „ასე ძნელი სათქმელია. მე ხელს ვერ დავადებ რაღაცას და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ეს ტექნოლოგიური საშუალება მარტო იმიტომ, რომ ეს აინშტაინმა აღმოაჩინა. მაგრამ იმ აღმოჩენებმა, რომლებმაც ფიზიკაში გაკეთდა XX საუკუნის დასაწყისში, მათ ძირფესვიანად შეცვალეს ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც, ვთქვათ, დაკავშირებული იყო ელექტრომაგნიტურ ტალღებთან, რაც იყო დაკავშირებული, ვთქვათ, მყარი სხეულის ფიზიკასთან, რაც იყო დაკავშირებული, თუნდაც, ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის კვანტური ფიზიკის გარკვეული ახალი აღმოჩენები - ამან მოგვცა მთელი რიგი ტექნოლოგიური სიახლეები. ჩვენ გავედით კოსმოსში, შევქმენით ახალი მასალები, შეიქმნა კავშირგაბმულობის ახალი საშუალებები. ადამიანი რომ კოსმოსში არ გასულიყო, ელემენტარულად, არ იარსებებდა კავშირგაბმულობის თანამგზავრები, არა? არ გვექნებოდა, მაგალითად, მობილური სატელეფონო საშუალებები, რომლითაც ახლა გელაპარაკებით.

ე.ი. ხომ ხედავთ, არა? შეიძლება ეს არ ხდებოდეს იმავე წელს, იმავე ათწლეულს, მაგრამ ადრე თუ გვიან ფუნდამენტურ მეცნიერებაში გაკეთებული აღმოჩენები ძირფესვიანად ცვლის ჩვენს ყოფიერებას და ცვლის, უმეტეს შემთხვევაში, დადებითი მიმართულებით. თუ, რა თქმა უნდა, საკმარისად გონიერი ვართ საიმისოდ, რომ სწორად გამოვიყენოთ ეს აღმოჩენები. თორემ, რა თქმა უნდა, ფიზიკოსების აღმოჩენების ცუდად გამოყენებაც შეიძლება, არა? კი, ახლა ჩვენ თუ დავამზადებთ ბირთვულ იარაღს და ერთმანეთს დავერევით, პლანეტას გავანადგურებთ. მაგრამ ეს არ იქნება, ალბათ, ფიზიკოსების ბრალი. ეს იქნება იმ ადამიანების ბრალი, რომლებიც წარმართავენ მსოფლიოს ცხოვრებას“.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ეთიკის საკითხი მჭიდროდ უკავშირდება სამეცნიერო კვლევას და საკუთრივ ფიზიკასაც... ბატონო ანდრია, ბოლოს მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ბევრი კომენტარი ჩვენი მსმენელის და მკითხველის ეხება ამ საკითხს: რამდენად ზემოქმედებს ასეთი ძლიერი, დიდი ობიექტების შეჯახებით გამოწვეული გრავიტაციული ტალღები ადამიანზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ანდრია როგავა: „არანაირად! შეგვიძლია აბსოლუტურად მშვიდად ვიყოთ! ეს იმდენად ფაქიზი ეფექტი იყო, რომ დასჭირდა მხოლოდ ასეთი უდიდესი სიზუსტის მქონე, ასეთი განსაკუთრებული დანადგარები, რომლებმაც დააფიქსირეს ეს ტალღები. შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ! გრავიტაციული ტალღები, რომლებიც მოდის კოსმოსიდან, არანაირად არ მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე საზიანოდ. გაცილებით უფრო საზიანოა ჩვენთვის ჩვენი ტელევიზორების გამოსხივება, თუნდაც, ის გამონაბოლქვები, რომლებსაც ჩვენი მანქანები უშვებენ ჰაერში. ასე რომ, შედარებაც კი არ შეიძლება! რა თქმა უნდა, თუ ერთ დღეს მოხდება მსგავსი კატასტროფა ჩვენს გალაქტიკაში, ჩვენთან საკმაოდ ახლოს, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მძლავრი გრავიტაციული ტალღები, რომ - თეორიულად ამის წარმოდგენა შეიძლება - ამ ტალღებმა შეიძლება შეცვალოს პლანეტათა ორბიტები მზის სისტემაში. მაგრამ ეს ფანტასტიკის საგანია!
მე დარწმუნებული ვარ, თუ კაცობრიობას რამე ემუქრება, ეს, პირველ რიგში, თვითონ ადამიანია და ადამიანის მიერ შექმნილი სხვადასხვა საზიანო რაღაცები. ასე რომ, ჩვენ, ჯობია, ეკოლოგიას გავუფრთხილდეთ! კოსმოსი ამდენად არ გვემუქრება, მე მგონი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG