Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა აქცია - „არა გაზპრომს“


თბილისში დღეს გაიმართა ხანმოკლე აქცია სახელწოდებით,„არა გაზპრომს”. ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს მთავრობის კანცელარიის შენობიდან რუსეთის საელჩომდე. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები და ლურჯი ბუშტები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი შიშობენ, რომ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შესყიდვა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულს გახდის. 4 მარტს საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანულ მხარესთან გააფორმა ხელშეკრულება და გადაწყდა, რომ „სოკარი“ საქართველოს დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოაწვდის. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის ზეწოლის შედეგად: „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საბოლოო გამარჯვებასთან. ის ფაქტი, რომ ჩვენ ხელისუფლება ვაიძულეთ, უარი ეთქვა „გაზპრომზე“ ნიშნავს იმას, რომ ამ აქციამ თავის მიზანს თითქმის მიაღწია, თითქმის იმიტომ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწევთ მაშინ, როცა დავრწმუნდებით ჩვენ, ქართული საზოგადოება, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ საბოლოოდ უარი ვათქმევინეთ ხელისუფლებას საქართველოს დაბრუნებაზე რუსული გავლენის, „გაზპრომის“ და რუსული წყვდიადის ეპოქაში“. ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული.

XS
SM
MD
LG