Accessibility links

logo-print

რუსეთში 21-22 მარტს გამოაცხადებენ ნადია სავჩენკოს ვერდიქტს


რუსეთში მოსამართლემ განაცხადა, რომ 21-22 მარტს გამოაცხადებს უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადია სავჩენკოს ვერდიქტს. სავჩენკოს ბრალად ედება 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებას. 9 მარტს მან სასამართლოში განაცხადა, რომ გააგრძელებს მშრალ შიმშილობას. „ერთადერთი, რისი ჩვენებაც შემიძლია ჩემი საკუთარი მაგალითით, არის ის, რომ რუსეთის მთელი ტოტალიტარული რეჟიმი და მისი სახელმწიფოებრიობა შესაძლოა კვამლივით გაქრეს, თუ შიშს დაძლევ და არ მისცემ მათ შენი გატეხვის უფლებას. თუ გინდათ, უკრაინას თქვენი ძლიერება აჩვენოთ - გახსოვდეთ, რომ ის ძლიერ პასუხს გაგცემთ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია და მე არაფერი მაქვს დასაკარგი. შიმშილობას გავაგრძელებ ისე, რომ არ დაველოდები ვერდიქტს, რომლის გამოცხადებამდე კვირაზე მეტი რჩება“, - განაცხადა სავჩენკომ. ამასთან მან შეურაცხმყოფელი ჟესტით გამოხატა პროტესტი მოსამართლისა და ბრალდების მხარის მიმართ. ის აცხადებს, რომ 2014 წლის ივნისში შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, შემდეგ კი უკანონოდ ჩაიყვანეს რუსეთში. ბრალდების მხარე მოითხოვს სავჩენკოსთვის 23 წლით პატიმრობის მისჯას. მისი მხარდამჭერები მთელს მსოფლიოში - საქართველოს ჩათვლით - მოითხოვენ ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას. 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ "ბოლო 20 თვეში სავჩენკო გახდა უკრაინელების ეროვნული სიამაყისა და სიძლიერის სიმბოლო".

XS
SM
MD
LG