Accessibility links

logo-print

ბრიტანულმა ტელეარხმა „ისლამური სახელმწიფოს“ 22 ათასი მხარდამჭერის მონაცემები მოიპოვა


ბრიტანულმა ტელეარხმა სკაი ნიუსმა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 22 ათასამდე მხარდამჭერის სახელებს, მისამართებს, ტელეფონის ნომრებსა და ოჯახის წევრების ანკეტურ მონაცემებს შეიცავენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები მას მიაწოდა ექსტრემისტული დაჯგუფების ყოფილმა, უკმაყოფილო წევრმა, რომელმაც ეს დოკუმენტები „ისლამური სახელმწიფოს“ შიდა უსაფრთხოების პოლიციის დანაყოფიდან მოიპარა. მისი სახელია აბუ ჰამედი, „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრი, რომელმაც მიატოვა ეს ოპოზიციური დაჯგუფება და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემისტთა მხარდამჭერთა სიაში 51 ქვეყნის მოქალაქეა. ამ სადაზვერვო ხასიათის ნადავლის შესახებ სკაი ნიუსმა აცნობა ბრიტანეთის ხელისუფლებას, თუმცა ამ ნაბიჯს მეყსეული რეაქცია არ მოჰყოლია ქვეყნის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისაგან. სკაი ნიუსის მიერ ნაჩვენები დოკუმენტების ასლების თანახმად, მომავალი რეკრუტები ვალდებული იყვნენ შეევსოთ 23 შეკითხვისაგან შემდგარი ანკეტა, რომელშიც უნდა მიეთითებინათ სისხლის ჯგუფი, დედის ქალიშვილობის გვარი, შარიათის კანონების ცოდნის დონე და წინა გამოცდილება.

XS
SM
MD
LG