Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი ირანს თავშეკავებული მოქმედებისკენ მოუწოდებს


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი ირანს მოუწოდებს თავშეკავებულად იმოქმედოს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დაძაბულობას გაზრდის. ბან კი მუნის ეს მოწოდება გაკეთდა ირანის რევოლუციის გუშაგების მიერ მიმდინარე კვირაში ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ. „ახლო აღმოსავლეთში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური ატმოსფეროს გათვალისწინებით და მოკლე დროში მას შემდეგ, რაც გავრცელდა დადებითი ინფორმაცია ირანისთვის სანქციების მოხსნის თაობაზე, გენერალური მდივანი ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს თავშეკავებულად, ფრთხილად და კეთილგონივრულად იმოქმედოს, რათა რაიმე სახის ნაჩქარევმა ნაბიჯებმა დაძაბულობის ზრდა არ მოიტანოს“ - განაცხადა ბან კი მუნის პრესმდივანმა, სტეფან დიუარიჩმა 10 მარტს. ირანის განცხადებით, რაკეტების გამოცდა ჩატარდა 8 და 9 მარტს და ამით არ დარღვეულა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება, ან გაეროს უშიშროების საბჭოს რომელიმე რეზოლუცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ჰოსეინ ჯაბერი ანსარის თქმით, რაკეტები წარმოადგენს „ჩვეულებრივ თავდაცვით ინსტრუმენტებს და ისინი მხოლოდ ლეგიტიმური თავდაცვისთვის გამოიყენება“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ აშშ სწავლობს ცნობებს ირანის მიერ რაკეტის გამოცდის შესახებ და თუ საჭირო იქნება, ვაშინგტონი „გაეროში ან ცალმხრივად“ გადადგამს ნაბიჯებს.

XS
SM
MD
LG