Accessibility links

logo-print

რუსეთი ემზადება სირიიდან სამხედრო აღჭურვილობის გასატანად


რუსეთი ემზადება სირიიდან სამხედრო აღჭურვილობის გასატანად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაავალა შეიარაღებულ ძალებს, დაიწყონ გასვლა ამ ქვეყნიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 15 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ საჰაერო ბაზაზე ტექნიკურმა პერსონალმა დაიწყო თვითმფრინავების მომზადება რუსეთის ფედერაციაში ავიაბაზებისაკენ რეისების შესასრულებლად. პუტინმა 14 მარტს გამოაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა, მთლიანობაში, შეასრულეს სირიაში დასახული ამოცანები. ამავე დროს, პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ რუსი სამხედროების გასვლა ხელს შეუწყობს კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარებას. რუსეთს 50-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჰყავს სირიაში, აგრეთვე მცირე ზომის სახმელეთო შენაერთი მათ დასაცავად, ისევე როგორც ინსტრუქტორები და სირიელ სამხედროებთან ერთად მებრძოლი სპეცდანიშნულების რაზმები. პუტინის განმარტებით, რუსი სამხედროები დარჩებიან ხმელთაშუა ზღვისპირა სამხედრო ბაზაზე თართუზში და საჰაერო ბაზაზე ლატაკიის პროვინციაში, საიდანაც რუსეთი ახორციელებდა ავიაიერიშების უმრავლესობას. პუტინმა ხუთ თვეზე მეტი ხნის წინ გასცა განკარგულება სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. რუსეთის მოქმედების შედეგად სირიაში გაძლიერდა მოსკოვის მოკავშირე პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის პოზიცია.

XS
SM
MD
LG