Accessibility links

რუსეთი ჯერ არ აპირებს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ჯერ არ აპირებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ამის შესახებ კარასინმა უთხრა ქართველ ჟურნალისტებს პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე. მისი თქმით, ის, რომ საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ეს მისი სუვერენული უფლებაა. რუსეთი კი ამას ვერ გააკეთებეს სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების გამო. ამავე დროს, კარასინმა მოსკოვისათვის "მიუღებელი" უწოდა საქართველოს ხელისუფლების ანტირუსულ რიტორიკას. “ყველა პოლიტიკოსს სურს გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტული და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ. თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში მსგავს განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”, უთხრა ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

XS
SM
MD
LG