Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ს რექტორმა უარით უპასუხა სტუდენტური თვითმმართველობის ულტიმატუმს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას. ეს იყო მისი რეაქცია გადადგომის მოთხოვნით სტუდენტური თვითმმართველობის ულტიმატუმზე, რომლის ვადაც, თბილისის დროით, 15 საათზე ამოიწურა. თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ მანამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა 15 საათამდე არ დაკმაყოფილდებოდა, შიმშილობას, რომელიც თვითმმართველობის პრეზიდენტს აქვს გამოცხადებული, სხვა სტუდენტებიც შეუერთდებოდნენ. ჯერ არ არის ნათელი, გაიზარდა თუ არა მოშიმშილე სტუდენტების რიცხვი. მეორე მხრივ, რექტორის მხარდასაჭერად 15 მარტს შიმშილობა დაიწყო უნივერსიტეტის სამმა პროფესორმა, რომელთაც დღეს კიდევ ორი კოლეგა შეუერთდა. ისინი ვლადიმერ პაპავაზე ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას განაგრძობენ სტუდენტთა ჯგუფის, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებიც, რომლებიც რექტორის გადადგომას ეწინააღმდეგებიან. ეს ჯგუფი მოითხოვს უნივერსიტეტის თვითმმართველობის და რექტორის, აკადემიური საბჭოსა და სენატის არჩევის სისტემის შეცვლას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე პოლიციელები არიან მობილიზებულნი.

XS
SM
MD
LG