Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა სტუდენტების საპროტესტო აქციების შეწყვეტას


“ძალიან მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს და არჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული სტუდენტის და ახალგაზრდის აზრი და მათი პროტესტიც. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეფორმების 4-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია განათლების სისტემის რეფორმირება, რომელიც ძირეულ ცვლილებებს გულისხმობს. „ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს და გავითვალისწინებთ მათ აზრს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ თვითმმართველობის შესახებ შეიქმნა ნეგატიური აზრი წარსულში არსებული პრეცედენტების გამო, როცა თვითმმართველობას და სტუდენტების გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები იყენებდნენ თავისი მიზნების მისაღწევად. „ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის და თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი. „თავისთავად, თვითმმართველობა საჭიროებს რეფორმას, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ჩაერთონ მოლაპარაკების და რეფორმირების პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება პროგრესული და აღარ იქნება იმის მიზეზი, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს" - განაცხადა პრემეირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG