Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი პრაქტიკოსი სოც.მუშაკი მეგობარი


ავტორი: დარინა ქამადაძე

-შენ იქ ხარ, სადაც უნდა იყო!

-ჰო, მგონი. მაგისტრატურას ამავე მიმართულებით გავაგრძელებ.

-ყველაფერი თავად თქვი.

მგონი, მეგობრებს შორის ერთადერთია, ვინც როგორღაც მოახერხა და 17 წლის ასაკში მიხვდა რა სურდა, ან ვერ მიხვდა და გაუმართლა. თუ გავითვალისწინებთ, რომ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარებისას თავის პროფესიაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, უკანასკნელი ვარაუდი უფრო მისაღები იქნება. როგორც არ უნდა იყოს, თამარი იქ არის, სადაც უნდა იყოს და ეს ჩვენს გზააბნეულ სამეგობროს დიდ ნუგეშს აძლევს.

არ მახსოვს როგორ გავიცანი, ან მაინცდამაინც მისი გაცნობა რატომ გადავწყვიტე (თუ თავად გადაწყვიტა). არ ვიცი გაცნობის შემდეგ რატომ გავაგრძელე ურთიერთობა - თამარი არ იყო ადამიანი, რომელიც გაცნობისთანავე თავს დაგამახსოვრებს და მასთან ურთიერთობის დაუოკებელ სურვილს გაგიჩენს. ეს თვისება მოგვიანებით, შეიძლება ითქვას ჩემ თვალწინ, თანდათანობით შეიძინა. პირველი კურსი დიდად არ მახსოვს, არც ვნანობ. ერთი გრძელი, მოსაწყენი 10 თვე იყო, მაგრამ მახსოვს თამარი, თავისი ცხვირისმიერი წუწუნა ხმითა და გრძელი უფორმო თმით, რომელსაც მოგვიანებით წინა მხარე ცოტათი მოაჭრა და თავისი ჭკუით სტილი შეიცვალა. მახსოვს მეშვიდე ჯუჯა ქუდითა და ასევე მეშვიდე ჯუჯა ღიმილით. მისი ნაცრისფერი, უგემოვნო, (როგორც თავად ამბობდა, მაგრამ თბილი) ქუდის ატანა არ მქონდა. ყოველ შეხვედრაზე სერიოზულად ვსაყვედურობდი, რადგან შეეძლო იმდენად უთავმოყვარეო ყოფილიყო, რომ იმ ქუდით ნახევარი ქალაქი შემოევლო. არ ცნობდა ჭეშმარიტი ქალის აუცილებელ თვისებას - გაპრანჭვას. მის დასაგმობად სიტყვით კი არ გამოდიოდა, უბრალოდ, ისე იქცეოდა, რომ ამ თემაზე მორალის კითხვას აზრი არ ჰქონდა.

გამოხდა ხანი. თამარმა სამოსის ფერების აღქმა და შეხამება დაიწყო, თმა შეიჭრა, ფრჩხილის მუდმივი რძისფერი ლაქი სხვა ფერებით ჩაანაცვლა, კაბის სიგრძე ცოტა დაამოკლა და წლების განმავლობაში ნახარში სტერეოტიპებისგან გათავისუფლება დაიწყო, ჭეშმარიტი სოციალური მუშაკი გახდა.

როგორღაც ჩემ ირგვლივ ცოტაა ადამიანი, ვისი პროფესია და მოწოდებაც ერთმანეთს ემთხვევა. თამარი იშვიათი გამონაკლისია.

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დღის ცენტრში მუშაობს. წესით სამუშაო დღე 10-ზე ეწყება და 6-ზე უმთავრდება, მაგრამ მისი ბუნება და ბავშვებთან დამოკიდებულება 8 საათში მოქცეულ გრაფიკს არ ცნობს. თუ სამსახურის შემდეგ ვნახულობ, საუბარი მისი ცენტრის ბავშვებით იწყება და თუ ძალიან არ გამიმართლა, ბავშვებითვე სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ თამარის სამსახურეობრივ პათოსს ვიზიარებ და ვფიქრობ, რომ თუ მსგავს სფეროში მუშაობ, წინსვლისა და განვითარებისთვის იბრძვი, სწორედ ასეთი შემართება უნდა გქონდეს, ხანდახან მაინც ვიბნევი და ვერ ვხვდები, როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა ბავშვი გეჩხუბება, გირტყამს, გკბენს და გასაქცევად იქაჩება. ხშირად ვეუბნები, რომ კარგ საქმეს აკეთებს და რომ შემეძლოს ბავშვებთან მეც სიამოვნებით ვიმუშავებდი, ოღონდ ჩემი მაქსიმუმი ბაღი ან სკოლაა. ასევე ხშირად ვეკითხები, როგორ კონტაქტობს ადამიანთან, რომელთანაც ქცევისა და მეტყველების კულტურაზე ლაპარაკიც ზედმეტია. როგორ ექცევა, რას ეუბნება, რომ ცენტრში თითქმის ყველას უყვარს და ყველას მის ოთახში ყოფნა უნდა. ჩემს კითხვებზე პასუხი არასდროს აქვს, არა იმიტომ, რომ პროფესიული საიდუმლოებაა, ან თავმდაბლობს, ასეთია და ვერც ხვდება თუ რაიმე განსაკუთრებულ თვისებას ფლობს. ერთხელ, მისი აღსაზრდელები ქუჩაში შეგვხვდნენ, თამარმა საუბარი გაუბა, იმათმა კიდე ორი სიტყვა დაუბრუნეს, მერე 1 წუთის განმავლობაში ისე იქცეოდნენ, თითქოს იქ არავინ იყო, მერე კი სულაც ადგნენ და ყიჟინით გაიქცნენ. გაოგნებული ვიყავი და ხან ჩემს ღიმილიან მეგობარს ვუყურებდი , ხან მის გაქცეულ ბენეფიციარებს. გზა გავაგრძელეთ, მაგრამ ისევ გაოგნებული დავრჩი - იგნორის ეს აშკარა გამოვლინება თავიდან არ ამომდიოდა. მსგავს სიტუაციაში სულით ხორცამდე შეურაცხყოფილი დავრჩებოდი. ჩემი სოც.მუშაკი კი გვერდით მომყვებოდა და მანამდე დაწყებული ამბის თხრობას აგრძელებდა. მაშინ პირველად დავაფასე პრაქტიკოსი (და არა გრანტის მოლოდინში კომპიუტერთან მჯდომი და არასწორად შედგენილი ანგარიშების გადამგზავნ-გადმომგზავნი, თავის ფრჩხილის ლაქის ბედზე უფრო მეტად, ვიდრე თუნდაც ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ბედზე მოფიქრალი) სოციალური მუშაკის პროფესია.

რომ არა სოც.მუშაკი, იქნებოდა მედდა, სამართლიანი მოსამართლე, ძიძა და ვიმედოვნებ, იქნება ბევრი შვილის კარგი დედა.

ჩვენს სამეგობროში ერთადერთია, ვისაც შეუძლია დადუმდეს, როცა ცდები და გაცადოს, სანამ შეცდომას თავად მიხვდები, უსიტყვოდ გაპატიოს და არ იტრაბახოს, რომ ასეთი სულგრძელია.

თამარი პრაქტიკოსი სოც.მუშაკია, ხელფასზე მუშაობს და არ ცდილობს მაგარი ტიპი იყოს.

თამარი პრაქტიკოსი სოც.მუშაკია და გამუდმებით ფიქრობს, რა შეიძლება გააკეთოს, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრება ბავშვობას დაამსგავსოს.

თამარი პრაქტიკოსი სოც.მუშაკია და მიხარია, რომ ჩემი მეგობრისთვის საქმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქმის მოტანილი ფული.

მე უანგარო მეგობარი მყავს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG