Accessibility links

ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულს გირაო შეუფარდეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი ათასი ლარის გირაო შეუფარდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებულ ინგა ჩატოიანს. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა ბრალდების მხარემ. როგორც პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ჩატოიანის მიმართ აღმკვეთ ზომად პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა, რადგან ის გამოძიებას დაეხმარა ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვებაში და განაგრძობს სამართალდამცველებთან თანამშრომლობას. მანამდე, 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ზომად პატიმრობა შეუფარდა ამავე საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს. პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებულია კიდევ ორი პირი, გელა ღურწკაია და შსს-ს სისტემაში 2012 წლის ნოემბრამდე არსებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე. პროკურატურის ინფორმაციით, ხაჭაპურიძეს პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს სისხლის სამართლის სხვა საქმეზე. პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფაში ბრალდებული ხუთი პირის წინააღმდეგ აღძრული საქმე 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს ფარული აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც 2012 წლის ივნისამდეა ჩაწერილი და გასავრცელებლად შესთავაზეს მედიაჰოლდინგ „ქრონიკა +“-ის დირექტორს ელისო კილაძეს.

XS
SM
MD
LG