Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეგბედერი, ფონკინოსი და საქართველო


ფრედერიკ ბეგბედერი და დავიდ ფონკინოსი
ფრედერიკ ბეგბედერი და დავიდ ფონკინოსი

გასულ კვირაში თბილისს სტუმრობდა ორი ცნობილი თანამედროვე ფრანგი მწერალი - ფრედერიკ ბეგბედერი და დავიდ ფონკინოსი. ამ ორი ავტორის წიგნები ბესტსელერებია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. მათი რომანები მრავალ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის, ქართულად.

ბეგბედერს პოპულარობა მოუტანა რომანმა „99 ფრანკი“, ფონკინოსს კი მისმა გახმაურებულმა წიგნმა „დელიკატურობა“. ორივე რომანის მიხედვით მხატვრული ფილმებიცაა გადაღებული. ამ ავტორების ლიტერატურულ სამყაროში გამოჩენიდან არაერთი წელი გავიდა, თუმცა მათი პოპულარობა დღემდე არ იკლებს, ქართველი მკითხველი კი მათი ახალი რომანების თარგმანებს ელის. თბილისში სტუმობისას ბეგბედერი და ფონკინოსი „მწერალთა სახლში“ ქართველ კოლეგებსაც შეხვდნენ.

„მწერალთა სახლში“ ენერგიულად, ხმაურით და იუმორით სავსენი მოვიდნენ. ეს აუდიტორიასთან ურთიერთობის წინასწარ არჩეული სტრატეგია იყო თუ სინამდვილეშიც ასეთები არიან, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის ერთი საათი, რაც ორმა ცნობილმა თანამედროვე ფრანგმა მწერალმა თავიანთ ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას „მწერალთა სახლში“ გაატარეს, მოსაწყენი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება დასაშვებზე მეტად ხმაურობდა, თანამედროვე ბესტსელერების ეს ორი ავტორი - ფრედერიკ ბეგბედერი და დავიდ ფონკინოსი - სინქრონული თარგმანის რეჟიმში ახერხებდა ხმა უკანა რიგებში მსხდომთათვისაც მიეწვდინა.

ჩვენი ბოლო წიგნები ერთდროულად გამოვიდა საფრანგეთში და მათ ერთი საერთო მახასიათებელი ჰქონდა - ორივე ეხებოდა წარსულში დარჩენილი ქალით გატაცებას. ფრედერიკმა დაწერა არაჩვეულებრივი წიგნი უნასა და სელინჯერზე, ჩარლი ჩაპლინის მეუღლეზე, მე კი - მხატვარ შარლოტა სალომონზე...
დავიდ ფონკინოსი

ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ დავიდ ფონკინოსს! - ასე გაცნო „99 ფრანკის“ ავტორმა, ფრედერიკ ბეგბედერმა, თავისი კოლეგა, რომან „დელიკატურობის“ ავტორი, ქართველ მწერლებს. ეს ერთმანეთზე ლაპარაკის ფორმა ბოლომდე შეინარჩუნეს. ერთმანეთს ხშირად აწყვეტინებდნენ და ერთმანეთის სიტყვასაც ხშირად აგრძელებდნენ.

„მე და ფრედერიკი ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. მეც, მასავით, პირველად ვარ საქართველოში, მაგრამ მე ორი დღით ადრე ჩამოვედი, ის კი დღეს ჩამოვიდა. თან, წინასწარ მითხრა, დააკვირდი თბილისს და თუ მოგეწონება, მომწერე და მერე მეც ჩამოვალო და ხედავთ? საქართველოში ჩამოვიდა თუ არა, ქართულად დაიწყო ლაპარაკი, მე კი ჯერ ერთი სიტყვაც ვერ ვთქვი“, - თქვა დავიდ ფონკინოსმა.

„ჯერ კიდევ პატარა, შვიდი-რვა წლისა, ვკითხულობდი ბეგბედერს. ყოველთვის მომწონდა მისი სიმამაცე და გამბედაობა ტექსტებშიო“, - თქვა დავიდ ფონკინოსმა.

„მე კი რაც ძალიან მომწონს ჩვენში, ეს არის მაღალი კლასის ინტელექტუალური დებატები“.

„ჰო, რაღა სარტრი და რაღა კამიუ“, - იხუმრა ფონკინოსმა.

ასე გააგრძელეს კიდეც - ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად. ფონკინოსმა თავიანთ ბოლო წიგნებზე ილაპარაკა:

„ჩვენი ბოლო წიგნები ერთდროულად გამოვიდა საფრანგეთში და მათ ერთი საერთო მახასიათებელი ჰქონდა - ორივე ეხებოდა წარსულში დარჩენილი ქალით გატაცებას. ფრედერიკმა დაწერა არაჩვეულებრივი წიგნი უნასა და სელინჯერზე, ჩარლი ჩაპლინის მეუღლეზე, მე კი - მხატვარ შარლოტა სალომონზე. ერთი წინადადებით რომ აღვწერო,ეს არის წიგნები, რომლებიც ძველ ამბებზე მოგვითხრობენ. ორივენი ძალიან ჩართული და გატაცებული ვიყავით ამ ამბებით“.

ფრედერიკ ბეგბედერი დროდადრო თავის სმარტფონში იხედებოდა და წინასწარ მომზადებულ ქართულ სიტყვებსა და ფრაზებს ურთავდა, რამაც შეკრებილი საზოგადოება საკმაოდ გაამხიარულა:„ძაან საყვარელი“ - თქვა მან, რაზეც დავიდ ფონკინოსის რეაქცია იყო: „ვერაფერს იტყვი, ნამდვილად კარგად ემზადება ხოლმე მოგზაურობისთვისო“. მერე ბეგბედერმა თავის და ფონკინოსის რომანების საერთო ნიშნებზე ილაპარაკა, იმაზე, რაც ამ ავტორებს აერთიანებს:

„ის, რაც მე და დავიდს, როგორც ავტორებს, გვაახლოებს, სიცილის სიყვარულია. ორივე ვფიქრობთ, რომ ლიტერატურა სიამოვნებაა და რომ მკითხველი მოაწყინო დანაშაულია. თუმცა, წერისა და კითხვის სიამოვნების მიღმა, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ საკითხებზეც. თავის პირველ წიგნში დავიდი თავის დეპრესიაზე ლაპარაკობდა, მერე ისეთ მძიმე თემაზე, როგორიც არის მისი ცოლის სექსუალური ცხოვრება. ჩვენ ერთად ვბერდებით და ასაკთან ერთად ვსერიოზულდებით, რაც ცოტა სევდიანიც კია“.

ფრედერიკ ბეგბედერი და დავიდ ფონკინოსი
ფრედერიკ ბეგბედერი და დავიდ ფონკინოსი

ბოლო დროს ფრედერიკ ბეგბედერი ხშირად სტუმრობს რუსეთს, სადაც მისი სცენარის მიხედვით მხატვრულ ფილმს იღებენ. რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაზე ლაპარაკს თავისთავად მოჰყვა ოკუპაციის თემაც:

„ძალიან უცნაურია, რომ ჩვენ ორივეს გაგვიჩნდა სურვილი გველაპარაკა ოკუპაციაზე. ჩვენ გატაცებული ვართ ამ თემით, იმიტომ რომ საფრანგეთიც იყო ოკუპირებული. საქართველოში ჩამოსვლაც ჩვენთვის ამაღელვებელია, რადგან თქვენი ქვეყანაც ოკუპირებულია. ჩვენც კი, 70 წლის შემდეგ, გვიჭირს ამაზე ლაპარაკი და წარმომიდგენია, რამდენად მძიმეა ამაზე ლაპარაკი აწმყოში“.

დავიდ ფონკინოსმა და ფრედერიკ ბეგბედერმა პირველი მხატვრული ფილმებიც ერთდროულად გადაიღეს, ფონკინოსის რომანის „დელიკატურობისა“ და ბეგბედერის „სიყვარული სამ წელს გრძელდებას“ მიხედვით. ფონკინოსმა იხუმრა კიდეც, მერე ამან გამასწრო და მეორე ფილმიც გადაიღოო:

„ხშირად ძალიან ბევრს აინტერესებს, რატომ უნდათ მწერლებს ფილმების გადაღება. და, მე მგონი, როგორც იქნა, ვიპოვე პასუხი. ალბათ, იმიტომ რომ ყველა მწერალი ოცნებობს კინოთეატრში გამოკეტოს ადამიანები და აიძულოს მოისმინონ. აი, სწორედ აქ და ახლა ვაკეთებთ დაახლოებით ამას. თუ არ ვართ მის გვერდით, ვინც წიგნს კითხულობს, მკითხველთან შეხება არ გვაქვს, მის ემოციას ვერ ვიგებთ. იქ კი, კინოდარბაზში, შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ. უსმენ და უყურებ ხალხს, რომელიც იცინის იმაზე, რაც შენ დაწერე. ძალიან ძლიერი ემოციაა. ჩვენ გვიყვარს კონტაქტი“.

სადაც ახსენებენ ბეგბედერს, იქ ყოველთვის ახსენებენ რომანს „99 ფრანკი“ და სადაც ახსენებენ დავიდ ფონკინოსს, არასოდეს ავიწყდებათ ახსენონ რომანი „დელიკატურობა“. ეს სწორედ ის წიგნებია, რომელთაც მათ სახელი მოუტანეს და, ალბათ, რამდენი ახალი რომანიც უნდა დაწერონ, ამ წიგნებს მათ გამუდმებით შეახსენებენ.

„ძალიან მოხარული ვიქნებოდი ისევ ისე მშვიდად რომ გამეგრძელებინა წერა, როგორც ვწერდი „99 ფრანკამდე“, მაგრამ ამ წიგნს ძალიან უეცარი წარმატება ხვდა წილად და ამ წარმატებამ ჩემს ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მე დავიწყე ცხოვრება ისე, რომ ამ პერსონაჟს დავმსგავსებოდი“, თქვა ფრედერიკ ბეგბედერმა.

პატივი მქონდა შევხვედროდი ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილს, ანის. მან გვაჩვენა სელინჯერის წერილები. ცხადია, მე არ მაქვს უფლება მათი გამოქვეყნების. ბოლომდე მაინც არ შევმცდარვარ ამ მწერლის გრძნობებში, რომელიც წერილებს სწერს ქალს, რომელიც სხვაზე გათხოვდება...
ფრედერიკ ბეგბედერი

მერე საუბარში დავიდ ფონკინოსი ჩაერთო: მე რომ დავმსგავსებოდი ჩემს პერსონაჟს „დელიკატურობიდან“, ალბათ, შვედს დავემსგავსებოდიო. მომავალ რომანზეც თქვა რამდენიმე სიტყვა:

„რაღაცნაირად დავშორდი ამ წიგნს და განსაკუთრებული სიყვარული რომან „დელიკატურობასთან“ აღარ მაკავშირებს, რადგან ყოველთვის ვფიქრობ შემდგომ პროექტზე. ახლაც ორ კვირაში საფრანგეთში ჩემი ახალი წიგნი გამოვა. ბეგბედერს ვუთხარი კიდეც, რომ ის ჩემი წიგნის პერსონაჟია. და მას შემდეგ, რაც მან პერსონაჟებზე თქვა, შეიძლება მომინდესკიდეც, რომ ფრედერიკ ბეგბედერი გავხდე, ოღონდ საღამოს 6 საათამდე“.

ჰო, ეგრე მეც ვიყავი ერთხელ უელბეკის „რუკა და ტერიტორიაში“ ერთ-ერთი პერსონაჟი და კოკაინის „ოვერდოზით ვკვდებიო“, თქვა ბეგბედერმა. მანაც აღნიშნა, რომ როცა მკითხველთან შეხვედრებზე დადიან, უფრო ხშირად სურთ თავიანთ მომავალ წიგნებზე ილაპარაკონ და არა თავიანთ ბესტსელერებზე. მან საქებარი სიტყვები არც ფონკინოსის მიმართ დაიშურა, თქვა, ის ძალიან პოპულარულია საფრანგეთში - რომან „დელიკატურობას“იმდენი მკითხველი ჰყავდა, რომ შეეძლო გამეორებულიყო შემდეგ წიგნში, რადგან ცდუნება ასეთ დროს დიდია ხოლმე, მაგრამ მან შეძლო და დაწერა აბსოლუტურად განსხვავებული რომანი, „შარლოტა“, საკმაოდ გაბედული წიგნიო.

„წარმატება გვაძლევს აბსოლუტურ თავისუფლებას, წავიდეთ იქ, სადაც გვინდა, როგორც გვინდა და დავწეროთ ის, რაც გვინდა“, - თქვა ფონკინოსმა. მისი სიტყვებით, ფრედერიკმა, მაგალითად, გააკეთა ყველაფერი ის, რისი გაკეთების უფლებაც მწერალს არა აქვს: რეკლამა, ტელევიზიაში მუშაობდა, ეროტიკული ჟურნალის რედაქციაშიც იყო. მოკლედ, ძალიან ბევრ რაღაცას ახსნა ბოქლომიო.

„როდესაც რომანებზე ვმუშაობთ, სულ მარტო ვართ და სულ ეჭვი გვეპარება და გვაქვს შთაბეჭდილება, რომ რასაც ვწერთ, ცუდია. ჩემი აზრით, შენიშნა ბეგბედერმა, მწერლებს სჭირდებათ ასეთი შეხვედრები - დასამშვიდებლად. დაეჭვებას ვაგრძელებთ იმ შემთხვევაშიც კი, როცა კარგად ყიდი წიგნებს, როცა მკითხველები ითხოვენ შენთან სელფის გადაღებას და მაშინაც, როდესაც აკადემიის წევრი ხარ“.

ფრედერიკ ბეგბედერმა თავის ბოლო რომანზეც ილაპარაკა - „უნა და სელინჯერზე“:

„პატივი მქონდა შევხვედროდი ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილს, ანის. მან გვაჩვენა სელინჯერის წერილები. ცხადია, მე არ მაქვს უფლება მათი გამოქვეყნების. ბოლომდე მაინც არ შევმცდარვარ ამ მწერლის გრძნობებში, რომელიც წერილებს სწერს ქალს, რომელიც სხვაზე გათხოვდება. მეც უკვე გამოცდილი მაქვს სწერო წერილები გოგოს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებ“, - და მერე ისიც დაამატა, „ჩემთვის ეს ისტორია სელინჯერის ცნობილი რომანისა, „თამაში ჭვავის ყანაში“, შთაგონების წყაროაო“.

ბეგბედერი და ფონკინოსი წავიდნენ, თუმცა, თუ მათი ქართველი ფანების სიმრავლით ვიმსჯელებთ, ალბათ, გამომცემლობები მათი ახალი რომანების თარგმნაზეც იფიქრებენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG