Accessibility links

რუსეთში დამოუკიდებელი მედია კომპანიები „ენტევეს“ თავდასხმას პასუხობენ


რუსეთში რეგიონული, დამოუკიდებელი მედია კომპანიების ჯგუფმა ერთობლივი განცხადებით მიმართა ქვეყნის მედიის საბჭოს და სთხოვა დაგმოს ტელეკომპანია „ენტევეს“ მიერ ახლახან გადაცემული სიუჟეტი, რომელშიც ამ კომპანიებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან „დავალებულად“ მოიხსენიებენ. კომპანია „ალტაიპრესის“, გაზეთ „საღამოს იაკუტსკის“, გაზეთ „ეკატერინბურგის მუშის“ და ტელეკომპანია „ტომსკი TV2“-ის რედაქციების წარმომადგენლებმა 18 მარტს გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „ენტევეს“ სიუჟეტში რეალური ინფორმაცია აღრეული იყო აშკარა სიცრუესთან, რითიც ზიანი მიადგა მათ საქმიან რეპუტაციას. ყველა ამ მედია კომპანიას მიღებული აქვს დაფინანსება მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდისგან, რომელიც წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას და მსოფლიოს გარშემო გასცემს სესხებს დამოუკიდებელ მედია კომპანიებზე, აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად. ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდისგან, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს აშშ-ის მთავრობასთან. რეგიონული მედია კომპანიები განცხადებაში ამბობენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპის ერთგულნი რჩებიან, მიუხედავად პოლიტიკური ფიგურების მუდმივი მცდელობისა ჩაერიონ მათ საქმეში. მედია კომპანიები მედიის საბჭოს სთხოვენ „ენტევეს“ რეპორტაჟი ჟურნალისტური ეთიკის პერსპექტივიდან შეაფასოს.

XS
SM
MD
LG