Accessibility links

logo-print

თბილისში გაიხსნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომა


თბილისში გაიხსნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ორდღიანი სხდომა, რომელშიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია მიგრაციის გამოწვევები სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კომიტეტის წევრები ადგილზე მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებების და ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ. საპარლამენტო ფრაქციის „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, კომიტეტის წევრებს შეექმნებათ რეალური წარმოდგენა არსებულ ვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს და მისი მოქალაქეების მხარდაჭერის კიდევ უფრო განმტკიცებას. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავარ პრობლემად დაასახელა 270 ათასამდე დევნილი, რომელთა უმრავლესობას საცხოვრებელი დღემდე არ გააჩნია. „ამას დაემატა მიგრაციის კრიზისი, რომელიც საქართველოსაც შეეხო. არა ისე მწვავედ, როგორც ევროკავშირის ქვეყნებს, მაგრამ თითქმის 20-ჯერ გაიზარდა რაოდენობა მიგრანტებისა, რომლებიც საქართველოს თავშესაფარს სთხოვენ“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ორდღიან სხდომაზე უმთავრესი საკითხი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლება და მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება. 21 მარტს, დღის მეორე ნახევარში კომიტეტის წევრები ეწვევიან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და წეროვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG