Accessibility links

ეგზიტპოლების თანახმად, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა


ყაზახეთში, სადაც გუშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ეგზიტპოლების შედეგები იმაზე მიანიშნებს, რომ გაიმარჯვა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მმართველმა „ნურ ოტანის“ პარტიამ - მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 82-მა პროცენტმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩევლის აქტიურობამ 77 პროცენტი შეადგინა. ნაზარბაევის პარტიას არ ჰყავს რეალური კონკურენტი 107-ადგილიან ქვედა პალატაში მანდატების მოსაპოვებლად. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად აუცილებელი შვიდპროცენტიანი ბარიერი, „ნურ ოტანის“ გარდა, მხოლოდ მასთან დაახლოებულმა ორმა მცირე პარტიამ გადალახა. ნაზარბაევი ყაზახეთს 1989 წლიდან მართავს და ქვეყანაში მის კრიტიკოსებს სამოქმედო სივრცე მნიშვნელოვნად აქვთ შეზღუდული. ეუთოს მეთვალყურეთა შეფასებით, არც გუშინდელი არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ანალიტიკოსთა აზრით, ყურადღების ცენტრში მოექცევა პრეზიდენტის ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა, რომელიც ვიცე-პრემიერია და კანდიდატთა პარტიულ სიაშიც არის. თუ ის მთავრობას დატოვებს, შესაძლოა, ქვედა პალატის სპიკერი გახდეს, რაც მას გაუმყარებდა პოზიციებს 75 წლის მამის შემცვლელის რანგში.

XS
SM
MD
LG