Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდი


დღეს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას, მათ შორის, ეთნიკური ქართველებისთვის დაწესებულ ახალ, დისკრიმინაციულ რეგულაციებს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების სავალალო შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. დავით დონდუას განცხადებით, ქართული მხარე კონსტრუქციული მოლაპარაკების წესების დაცვით განაგრძობს მისთვის პრინციპულ საკითხებზე თანმიმდევრული პოზიციის გამოხატვას და დასვამს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა დაბრუნების საკითხებს. დავით დონდუამ იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებასა და მთლიანად ჟენევის მოლაპარაკებების დინამიკაზე. „საქართველოს დელეგაციის ძალისხმევის შედეგად, ბოლო პერიოდში მოხერხდა საგნობრივი დისკუსიების დაწყება ზოგიერთსაკითხზე და იმედს გამოვთქვამთ, რომ დანარჩენი მონაწილეები ასეთივე პასუხიმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებების პროცესს და ხელს შეუწყობენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კონსტრუქციულად განხილვას“ - განაცხადა დავით დონდუამ. მისი შეფასებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არ დაზიანდეს მის ფარგლებს გარეთ არსებული საკითხების ხელოვნურად მიბმითა და პოლიტიზირებით. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდი 23 მარტს დასრულდება.

XS
SM
MD
LG