Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ასრულებს თავის ისტორიულ ვიზიტს კუბაში


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც ისტორიული ვიზიტით სტუმრობს კუბას, დღეს შეხვდება კუბელ დისიდენტებს და მასპინძელი ქვეყნის ლიდერთან, რაულ კასტროსთან ერთად, დაესწრება ბეისბოლის მატჩს. ვიზიტის დასასრულს ობამა სიტყვას წარმოთქვამს დედაქალაქ ჰავანის დიდ თეატრში, რის შემდეგაც არგენტინაში გაემგზავრება. ვარაუდობენ, რომ ობამას სიტყვას პირდაპირი ეთერით გადასცემს კუბის სახელმწიფო ტელევიზია. გუშინ, რაულ კასტროსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავაც აღიმაღლებს ხმას დემოკრატიის დასაცავად, თუმცა ყურადღებას გაამახვილებს მომავალზე და არა წარსულზე. თავის მხრივ, რაულ კასტრომ თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის „ძირეული სხვაობა“ არსად გაქრება, თუმცა ის პირობას დებს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაახლოებას. ამერიკელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც პოლიტიკურ მეტოქეთა დაპატიმრებას ეხებოდა, კასტრომ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის სფეროში მისი მთავრობის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა უსაფუძვლოა და დაპატიმრების შემთხვევათა სიის წარმოდგენა მოითხოვა. მოგვიანებით თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ასეთი სიები კუბის მთავრობისთვის არაერთხელ მიუწოდებია. ობამას სტუმრობა კუბაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ბოლო 88 წლის განმავლობაში და მიჩნეულია წინგადადგმულ ნაბიჯად ცივი ომის დროინდელ მეტოქესთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე.

XS
SM
MD
LG