Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უსახლკაროთათვის თავშესაფრის მოსაწყობად ქუთაისში მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურს ყოველთვიურად მიმართავენ მოქალაქეები ბინით ან თავშესაფრით დაკმაყოფილების მოთხოვნით. ასე რომ, ამ დროისთვის რამდენიმე ასეული განცხადებაა თავმოყრილი. ქალაქის ბიუჯეტში მიმდინარე წელს 1 მილიონი ლარია გასაზღვრული სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად, თუმცა, ვინ და რა კრიტერიუმით შეძლებს თავშესაფარში ცხოვრებას, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.

78 წლის სულიკო ალავიძე ერთ -ერთია, ვინც ბოლო წლებში კერძო სახლის იპოთეკური სესხით დატვირთვის გამო საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების მსხვერპლი გახდა. როგორც უსინათლო მოხუცი ამბობს, ქუთაისში, ლესელიძის ქუჩის 100 ნომერში მდებარე მისი კუთვნილი კერძო საცხოვრებელი სახლი ნათესავმა 2010 წელს მოტყუებით დატვირთა იპოთეკით. 2012 წელს სახლი აუქციონის წესით გაიყიდა და მას შემდეგ აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა სულიკო ალავიძის სახლიდან გაყვანა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა მორალური რისკის გამო გამოსახლება ყოველ ჯერზე გადაიდო. სულიკო ალავიძე საცხოვრებელი სახლის დატოვებას არ აპირებს, რადგან მარტოხელა მოხუცს წასასვლელი არსად აქვს.

თუ სად უნდა წავიდეს მოხუცი სახლიდან გამოსახლების შემთხვევაში, არც მეზობლებმა იციან, რომლებიც მას ეხმარებიან და უვლიან.სულიკო ალავიძის ერთ– ერთი მეზობლის, გულნარა ქობულაძის, თქმით, სულიკო ალავიძე მეუღლისა და შვილის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრობს და ახლო ნათესავები არ ჰყავს.

ე. წ. კერძო იპთეკური სესხით დაზარალებულთა და სტიქიური უბედურებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთათვის მუნიციპალური თავშესაფარი ქუთაისში ჯერჯერობით არ არსებობს. როგორც ქალაქის მერი შოთა მურღულია განმარტავს, უახლოეს დროში შემუშავდება საკონკურსო პირობები და მერია ტენდერს გამოაცხადებს 30-მდე ბენეფიციარისთვის თავშესაფრის მოსაწყობად, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიასავე განცხადებით, სუბიექტური შეფასების თავიდან ასაცილებლად სოციალურ თავშესაფარში განსათავსებლად კრიტერიუმებს არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG