Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი რუსეთის აგრესიისა და საქართველოს უსაფრთხოების შესახებ


ფილიპ ბრიდლავი, თინა ხიდაშელი
ფილიპ ბრიდლავი, თინა ხიდაშელი

საერთაშორისო საფრთხეები, რუსეთის აგრესია, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები და სამომავლო პერსპექტივები ნატოში გაწევრიანების გზაზე – ასეთი იყო განხილვის მთავარი თემები იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებსაც 22–23 მარტს თბილისში მართავდა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპის მიმართულების უმაღლესი მთავარსარდალი გენერალი ფილიპ ბრიდლავი. რა მესიჯები და რეკომენდაციები ჩამოიტანა თბილისში გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა, რომელიც მალე დატოვებს თავის თანამდებობას?

როდესაც საერთაშორისო საფრთხეებზე ლაპარაკობს, გენერალი ფილიპ ბრიდლავი ყურადღებას ორ ძირითად გამოწვევაზე ამახვილებს: პირველი უკავშირდება რუსეთის აგრესიას, რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებსა და, ასევე, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს ევროპაში, და აქვეა “ისლამური სახელმწიფოსგან” მომავალი ტერორიზმის საფრთხე, რომელიც, თავის მხრივ, ამწვავებს მიგრაციის კრიზისსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს. გენერალი ამბობს, რომ შეერთებული შტატები და ნატო არასოდეს შეეგუებიან ამ მწვავე საფრთხეებს და რომ ამ გამოწვევებთან გამკლავების მთავარ გასაღებს წარმოადგენს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ნატოელ მოკავშირეებთან, ასევე პარტნიორებთან. ამავე კონტექსტში გამახვილდა ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პრობლემაზეც. 23 მარტს, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციამდე, ამერიკელი გენერალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა:

ფილიპ ბრიდლავი თბილისში ვიზიტისას
ფილიპ ბრიდლავი თბილისში ვიზიტისას

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს მე მქონდა შესაძლებლობა მომენახულებინა ადმინისტრაციული საზღვარი (გენერალური შტაბის უფროსსა და ამერიკის ელჩთან ერთად) და მომსწრე გავხდი იმისა, თუ როგორ უკანონოდ არის გაყოფილი ქართველი ხალხი. თქვენმა მამაცმა ქვეყანამ უშუალოდ საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის მიზანი – გააძლიეროს თავისი დამანგრეველი ზეგავლენა თავის საზღვრებს მიღმა. რუსეთი ახლა ცდილობს ხელახლა დაიმკვიდროს აგრესიული როლი მსოფლიო სარბიელზე და შეცვალოს საერთაშორისო სისტემის წესები და პრინციპები. რუსეთი ცდილობს დაანგრიოს თავისუფალი სამყაროს ერთიანობა და საფრთხე შეუქმნას ჩვენს სიმტკიცეს“.

23 მარტს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გენერალმა ბრიდლავმა საქართველო ნატოს მტკიცე და ერთგულ პარტნიორად მოიხსენია და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი ასეთი დიდი წვლილისთვის. აქვე ხაზი გაესვა შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებას, რომლის მიზანიც, ფილიპ ბრიდლავის თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებაა. აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპის მიმართულების უმაღლესი მთავარსარდალი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვას და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი – მთავარია, რომ საქართველო მზად იყოს ამისთვის, როდესაც თავად ნატო გამოაცხადებს მზადყოფნას. გენერლის ინფორმაციით, 2016 წლის მაისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება მასშტაბური სამხედრო წვრთნა („ღირსეული პარტნიორი 20016“), რომელიც მიზნად ისახავს 3-კვირიან ერთობლივ მომზადებას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვლენ ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროები. ფილიპ ბრიდლავის თქმით, სწორედ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირება წარმოადგენს ყველაზე უკეთეს პასუხს რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისა თუ მუქარის შემცველი განცხადებების კვალდაკვალ.

გენერალი ბრიდლავი, რომელიც 45 დღეში დატოვებს თავის პოსტს, საქართველოს დიდ მეგობრად მოიხსენია თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა 23 მარტს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და მადლობა გადაუხადა სასარგებლო რჩევებისა თუ რეკომენდაციებისთვის. თინათინ ხიდაშელმა ამერიკისა და საქართველოს გამორჩეული მეგობრობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჭრილში განიხილა:

„ეს არის სწორედ ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც 25 წლის განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას... და ამ კონკრეტულ შემთხვევაში (ლაპარაკია) როგორც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ასევე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში... გუშინდელი დღის (ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების) შემდეგ კიდევ უფრო სიმბოლურია, რომ გენერალი ბრიდლავი ჩვენთან ერთად არის და აქ, თბილისში, ვსაუბრობთ ჩვენ უსაფრთხოების საკითხებზე, ვუზიარებთ ერთმანეთს პოზიციებს, განწყობებს და ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი იმ ძალიან რთულ მსოფლიოში, რომელშიც ყველანი ერთად აღმოვჩნდით დღეს“.

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ნატოს ყურადღების ცენტრში და ჩვენ, ზოგიერთი სკეპტიკოსის მტკიცების მიუხედავად, არ გავქრით აშშ-ისა და ნატოს რადარებიდან და ჩვენს შორის პარტნიორობა გრძელდება...
ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკოსების გარდა, ამერიკელი გენერლის ვიზიტს საქართველოში მაღალ შეფასებას აძლევენ ანალიტიკოსებიც. როგორც, მაგალითად, დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მართლაც განებივრებულია ნატოს მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტებით, გენერალ ფილიპ ბრიდლავის კიდევ ერთხელ სტუმრობამ საქართველოში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ დუნდება:

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ნატოს ყურადღების ცენტრში და ჩვენ, ზოგიერთი სკეპტიკოსის მტკიცების მიუხედავად, არ გავქრით აშშ-ისა და ნატოს რადარებიდან და ჩვენს შორის პარტნიორობა გრძელდება“.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპის მიმართულების უმაღლესი მთავარსარდლის ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტებისა და ბოლო პერიოდში საქართველოს მისამართით მოსკოვიდან წამოსული მუქარის შემცველი განცხადებების ფონზე.

თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსთან 23 მარტს გამართულ შეხვედრამდე ამერიკელ გენერალს 22 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა და ის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG