Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა


პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა წარმოადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განცხადებით, რეფორმის ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც დამყარებული იქნება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობით, ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტს სწავლის პროცესშივე ჰქონდეს მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის საშუალება. “სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, თუ განაგრძოს უმაღლესი განათლება და მას თითოეული მიმართულებით სახელმწიფო შეუქმნის შესაბამის პირობებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო კვლევით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არარსებობაა. „სწორედ ამ პრობლემების გამო წამოვიწყეთ ეს ინიციატივა, რათა შრომის ბაზრიდან წამოსული მოთხოვნების საფუძველზე შედგეს პარტნიორობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და ამ პარტნიორობით შეიქმნას ახალი სასწავლო მოდელი, რომელიც პირდაპირ შეუწყობს ხელს დასაქმებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, განათლების რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას, რაც ბიძგს მისცემს არა მხოლოდ განათლების სისტემის გაუმჯობესებას, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებას. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების საქმიანი ინიციატივების რეალიზების ხელშეწყობაც და მთავრობა სწორედ ამიტომ ქმნის ე.წ.სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტს, რომელიც ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყებს. პროფესიული განათლების რეფორმის გეგმის პრეზენტაცია, რომელსაც სტუდენტებიც დაესწრნენ, ოქროყანაში მდებარე ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა.

XS
SM
MD
LG