Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების სამსახური: სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით იმყოფება საქართველოს 50-მდე მოქალაქე


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი, 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით იმყოფება საქართველოს 50-მდე მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რომ ფლობს ინფორმაციას ამ პირთა შესახებ და საქართველოში მათი დაბრუნების შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის მქონე პირების აქტიური ძებნა და რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელი პირების და ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი. „სუს-სა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მუდმივად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან კავშირში მყოფ პირებზე და ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1286 პირი, ხოლო 1014-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა“, - ნათქვამია ანგარიშში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, ტერორისტული საქმიანობისთვის ქვეყნიდან გამგზავრებისა და შემოსვლის პრევენციის მიზნით, შსს-თან თანამშრომლობით სათანადოდ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი და ყველა სასაზღვრო-გამტარი პუნქტი აღჭურვილია ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების დეტექტორებით.

XS
SM
MD
LG