Accessibility links

logo-print

თბილისში იმყოფება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი


თბილისში იმყოფება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ფილიპ ჰემონდის ვიზიტის მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ. თბილისში ვიზიტის წინ ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორად და რეგიონში წარმატების მაგალითად.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გზაზე, რაც ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან“ - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფილიპ ჰემონდის თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის მტკიცედ დგას პოზიციაზე, რომ ისეთ ქვეყნებს როგორიც საქართველოა, გარედან ჩარევის გარეშე უნდა ჰქონდეთ სუვერენული არჩევანის საშუალება. „2016 წელს საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობიდან 25-ე წლისთავს დაიმედს ვიტოვებთ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს დამოუკიდებლობის პერიოდში მიღწეულ დემოკრატიის პროგრესს" - განაცხადა ფილიპ ჰემონდმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, 15 საათზე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფილიპ ჰემონდი და გიორგი კვირიკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღესვე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. ფილიპ ჰემონდი სიტყვით გამოვა სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმზე და კომპანია BP-ის სამხრეთ კავკასიის გაფართოებული გაზსადენის მშენებლობას დაათვალიერებს.

XS
SM
MD
LG