Accessibility links

logo-print

უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის წელს გაუქმებას


უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის წელს გაუქმებას - ამის შესახებ ბუდაპეშტში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს უვიზო მიმოსვლას. პიტერ სიიარტომ იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი საკითხს დროულად განიხილავს. ამავე პრესკონფერენციაზე ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მან აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს მეგობარი და პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. "დღეს ევროკავშირი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშეა, ამ გამოწვევებზე პასუხი კი არის მეტ ერთობაში, პარტნიორობასა და თანამშრომლობაში ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან ამ პრინციპების დასაცავად“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე თქმით, საქართველო პარტნიორებთან ერთად ცდილობს რაც შეიძლება მეტი წვლილი შეიტანოს ევროპის და მთლიანად მსოფლიოს უსაფრთხოებაში. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს მთავრობის ევროინტეგრაციულ პოლიტიკას და განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას ევროპის და სხვა პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ დღევანდელი გამოწვევები არ უნდა ბადებდეს რაიმე ეჭვს ნატოს ან ევროკავშირის გაფართოების მიმართ, რადგან ამ გამოწვევებზე ყველაზე ცუდი პასუხი იზოლაცია იქნებოდა. „პირიქით, სწორედ ახლა უნდა ვიყოთ ღია ახალი პარტნიორობისა და ახალი ალიანსებისთვის და სწორედ ახლა უნდა ვიზრუნოთ როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის გაფართოებაზე"- აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

XS
SM
MD
LG