Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი


საქართველოში იმყოფება აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამოსაძიებლად აქტიურ კონსულტაციას უწევს სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ. მან აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, ჟურნალისტების შეკითხვას, საიდან აიტვირთა ინტერნეტსივრცეში მარტის შუა რიცხვებში გავრცელებული ორი ფარული ჩანაწერი, მამუკა ვასაძემ უპასუხა, რომ ჩანაწერები არ არის ატვირთული საქართველოს ტერიტორიიდან. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ფარული ჩანაწერები არ არის შექმნილი და მოპოვებული 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. “შესაბამისად, ვინც 2012 წლის ოქტომბრამდე ასეთი კადრების შექმნას ახორციელებდა, ნაწილი ძებნილია, ნაწილს საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვს და რთულია პროგნოზირება, თუ ვინ, რომელ ქვეყანაში, ვის და რა მიზნით გადასცა მსგავსი ჩანაწერები და რაში გამოიყენებს", - განაცხადა მამუკა ვასაძემ. მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის წარმომადგენელთა სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა უკვე ჩაატარა ორასზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, კერძოდ, დამნაშავე პირების გამოსავლენად თბილისში25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 დისკი, 26 კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 სიმბარათი და53 მეხსიერების ბარათი. მამუკა ვასაძის ცნობითვე, დათავლიერდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტი, გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მოწმის სახით გამოიკითხა 50-მდე პირი და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად საზღვარგარეთის ქვეყნებში გაიგზავნა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა.

XS
SM
MD
LG