Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი კიევს, უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით, 335 მილიონ დოლარს გამოუყოფს


ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კულუარებში, გაიმართა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და პეტრო პოროშენკოს შეხვედრა. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პოროშენკომ და ობამამ განიხილეს დონბასსა და ყირიმში შექმნილი ვითარება და აღნიშნეს, რომ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელია ძალისხმევის კოორდინირება. გარდა ამისა, დღის წესრიგში იყო კიევის მიერ რეფორმებზე ორიენტირებული კოალიციისა და მთავრობის რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბება. პოროშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ უკრაინის ახალი მთავრობის ფორმირებისთანავე კიევი ვაშინგტონისგან მიიღებს ახალ კრედიტს მილიარდი დოლარის ოდენობით. გუშინ, პოროშენკოსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით გამოუყოფს 335 მილიონ დოლარს. ეს დახმარება უკრაინას სჭირდება იმ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული დაპირისპირების შედეგად წარმოიშვა.

XS
SM
MD
LG