Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანმა ცალმხრივი წესით შეწყვიტა სამხედრო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში


აზერბაიჯანმა ცალმხრივი წესით შეწვიტა სამხედრო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ამის შესახებ კვირას განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. როგორც სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, თუკი სომხური მხარე ცეცხლს გაუხსნის დასახლებულ პუნქტებს და აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ შემტევით ოპერაციებს ტერიტორიის გასათავისუფლებლად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მანამდე მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კვირას დილით აზერბაიჯანულმა მხარემ განაგრძო საბრძოლო მოქმედებები შეხების ხაზის სამხრეთის მიმართულებით. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება გამწვავდა პარასკევს ღამით. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ საზავო შეთანხმების დარღვევაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის 12 სამხედრო მოსამსახურე. სომხურ მხარეზე დაღუპულია 18 სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 35 - იტყობინება სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი. შაბათს დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი. მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის კოორდინატორის, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა - აშშ-მა, რუსეთმა და საფრანგეთმა - „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს. მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მხარეებს მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ ეუთოს ეგიდით. „ ვითარების სამხედრო გზით მოგვარების საშუალება არ არსებობს“, აღნიშნა კერიმ. ევროკავშირის საერთაშორისო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ, განახლებული სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობებს „უკიდურესად საგანგაშო“ უწოდა.

XS
SM
MD
LG